Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს 4 ირანელს ჟურნალისტის გატაცების მომზადებისთვის


ჟურნალისტი მასიჰე ალინეჯადი
ჟურნალისტი მასიჰე ალინეჯადი

სამშაბათს, ნიუ იორკის ფედერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის გატაცების ორგანიზებისთვის ბრალდება წაუყენა ირანის ოთხ მოქალაქეს. პროკურატურის თანახმად, ეს მოქალაქეები ირანის დაზვერვის სამსახურთან იყვნენ კავშირში, ყველა მათგანი ახლა ირანში იმყოფება.

ბრალდების თანახმად, შეთქმულებას ირანული დაზვერვის თანამშრომელი ალირეზა შავაროგი ფარახანი ხელმძღვანელობდა და გატაცებაში კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში დევნილობაში მცხოვრები ჟურნალისტი მათი ინტერესის ობიექტი მედიაში, მათ შორის Washington Post-ში ირანის შესახებ კრიტიკული პუბლიკაციების გამოქვეყნების გამო გახდა. საქმის მასალებში ჟურნალისტის სახელი მითითებული არ არის.

ტელეკომპანია NBC თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქმე ეხება „ამერიკის ხმის“ სპარსული სამსახურის თანამშრომელს მასიჰე ალინეჯადის. მან ეს ინფორმაცია დაადასტურა NBC- სთან ინტერვიუში. „ვაშინგტონ პოსტში“ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში იგი წერდა, რომ შეიტყო მისი გატაცების მომზადების შესახებ: ”ეს საშინელი გრძნობა იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მსგავს რამეს არ ველოდი. ირანის რეჟიმი სხვადასხვა სახის მუქარას მიმართავდა იმისთვის, რომ გავეჩუმებინე“, - აღნიშნა მან.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა დაიქირავეს კერძო დეტექტივები ჟურნალისტის მონიტორინგისთვის, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ისინი განიხილავდნენ ჟურნალისტის ზღვით გადაყვანის შესაძლებლობას ვენესუელაში, რომლის მთავრობაც მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს ირანთან.

ბრალდებულებს ბრალი ედებათ ასევე ანტიირანული სანქციების დარღვევაში, ფულის გათეთრებასა და ფინანსურ თაღლითობაში. ბრალის დამტკიცებისა და დაპატიმრების შემთხვევაში, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG