Accessibility links

site logo site logo

კუბა ადასტურებს ერთი ადამიანის დაღუპვას პოლიციასთან შეტაკებებში


კუბის მთავრობამ 13 ივლისს დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, შაბათ-კვირას გამართული, მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მამაკაცი დაიღუპა 12 ივლისს, ჰავანის შემოგარენში. განცხადების თანახმად, შეტაკების დროს დააკავეს მოქალაქეები, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციელები. პოლიცია დემონსტრანტებს ადანაშაულებს სახლების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებასა და ხანძრების გაჩენაში. ამასთან, განცხადების თანახმად, დემონსტრანტები პოლიციელებს და სამოქალაქო პირებს დანებით, ქვებით და სხვა საგნებით დაესხნენ თავს.

კუბის ქუჩებში დემონსტრანტები 11 ივლისს გავიდნენ, ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დამდგარი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის, კორონავირუსის ინფექციის სარეკორდო გავრცელების და არასაკმარისი საკვებისა და მედიკამენტების პრობლემების ფონზე. ეს წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყანაში, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლებს თითქმის არ ითმენენ.

კუბის მთავრობა აცხადებს, რომ დემონსტრაციების უკან დგანან კუბელი ამერიკელები, რომლებიც საამისოდ სოციალურ მედიას იყენებენ. ჰავანის ქუჩებში ბევრი პოლიციელია, ინტერნეტი და სატელეფონო ქსელები შეფერხებით მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG