Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ტელევიზიებში [ფორმულა, ტვ პირველი, მთავარი] შავი ფული ტრიალებს და ეს გამოსაძიებელია


მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს რომ 3 ტელევიზიაში, ფორმულაში, ტვ პირველსა და მთავარში შავი ფული ტრიალებს და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

"ამ სამ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს. მე მაქვს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია ეს ერთი და მეორე, ვიცი როგორია შემოსავლები დ რა არის ხარჯები. შესაბასამისად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, საზოგადოების წინაშე რომ ამ სამ პარტიულ ტელევიზიაში რამდენიმე ათეული მილიონი შავი ფული იხარჯება ყოველწლიურად. ეს არის რეალობა" - თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

"არ არის ეს კერძო ბიზნესი, ეს არის პარტიული ტელევიზიები. ეს არის რეალობა. სამივე არის პარტიული ტელევიზია. ესენი არიან პარტიული ტელევიზიები, მათ აქვთ პარტიული დაკვეთა და ეს არის არჩევნების მოგება ან გადატრიალების მოწყობა. როდესაც ისინი 8 წლის განმავლობაში ამას ვერ ახერხებენ, ბუნებრივია მათი პასუხისმგებლობა ინვესტორის მიმართ იზრდება. ზუსტად არის გამწარებული სააკაშვილი, კეზერაშვილი და მედიამანეჯერები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ამ ადამიანების საბოლოო ლუსტრაცია" - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ ხსენებული ტელევიზიები კერძო ბიზნესია და ბუნებრივია, თუკი მათთვის რეიტინგი მნიშვნელოვანია.

"მათთვის რეიტინგი არის საშუალება გადატრიალების მოსაწყობად. ყველამ იცის, რომ ისინი არის პარტიული ტელევიზიები. ეს დაახლოებით ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო" - ამბობს ირაკლი კობახიძე. მან რუსთავი ორის ეთერში კიდევ ერთხელ გაიმეორა ხელისუფლების ვერსია იმის შესახებ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნაცემი ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მედიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და გლოვის ნაცვლად ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა სცადეს.

"ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას.

ისინი ცდილობდნენ სპეკულირებას და კონკრეტული მედიასაშუალებების პარტიული მენეჯერები გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილს იყენებდნენ, რომ მოეწყოთ არეულობის სცენარი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ის ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს იმაში, რომ ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან კავშირი არ აქვს 5 ივლისს მასზე განხორციელებულ თავდასხმას და ამბობს, რომ გარდაცვლილის სიკვდილის რეალური მიზეზი მისმა კოლეგებმა გარდაცვალების დილასვე იცოდნენ.

"ნოდარ მელაძემ, მაგალითად, იმ [ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების] დილითვე იცოდა, რაშიც იყო საქმე. საზოგადოებამ იცის, რაშიც იყო საქმე და ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. ნოდარ მელაძემ იმ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას, შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, გარდაცვილი იპოვეს ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შესახებ, გამოძიება საუბრობს ნარკოტიკებით ზედოზირებაზე.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღის წესრიგში დადგა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაში საქართველოს შესახებ კი ნახსენებია სანქციები, როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა მათთვის, ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე უარს აცხადებს. მედიის ნაწილი პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეძებს იმისათვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა ლექსო ლაშქარავას სიკვდილზე და ჯამში 53 ჟურნალისტის დაზიანებაზე 5 ივლისს, როცა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ მედიას.

24 საათი 4 ტელევიზიის გარეშე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

XS
SM
MD
LG