Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის მთავრობის ჯარი და თალიბები პაკისტანთან სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლისთვის იბრძვიან  


ავღანეთის არმიასთან ბრძოლის დროს დაჭრილი თალიბების მკურნალობა პაკისტანის საზღვრისპირა ქალაქ ჩამანში, 2021 წლის 16 ივლისი.

ავღანეთის მთავრობის ჯარი განაგრძობს თალიბებთან ბრძოლას პაკისტანთან დამაკავშირებელი სფინ-ბოლდაქის სასაზღვრო პუნქტზე კონტროლის მოსაპოვებლად. ობიექტი თალიბებმა დაიკავეს ფართომასშტაბიანი იერიშის განმავლობაში, რომელიც წამოიწყეს აშშ-ის ჯარის გასვლის დაწყების შემდეგ.

ბრძოლა სფინ-ბოლდაქისთვის დაიწყო მას მერე, რაც ავღანელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა პაკისტანი დაადანაშაულა, რომ თალიბებს ჰაერიდან უჭერს მხარს საზღვრისპირა რეგიონში.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო გადასასვლელი პირდაპირ მისასვლელს წარმოადგენს ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც გამაგრებული არიან თალიბების უმაღლესი მეთაურები და მებრძოლთა სათადარიგო რაზმები. სპინ-ბოლდაქის მცხოვრებთა თქმით, საზღვრისპირა ქალაქის ბაზრის მოედანზე მძაფრი ბრძოლები გაიმართა. ქალაქი თალიბებს ჩაუვარდათ ხელში 14 ივლისს. AFP-ის კორესპონდენტების თანახმად, დაჭრილ თალიბებს პაკისტანში, საზღვართან ახლოს მდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ.

Reuters-მა დაადასტურა, რომ პაკისტანის საზღვრთან ავღანეთის არმიისა და თალიბანის ბრძოლების გაშუქების დროს, მისი ფოტორეპორტიორი, დანიშ სიდიყი დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, სიდიყი და ავღანეთის არმიის უფროსი ოფიცერი 16 ივლისს სპინ-ბოლდაქის მთავარი ბაზრის არეალზე კონტროლის აღსადგენად მიმდინარე ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპნენ.

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა პაკისტანის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა, რომ მხარს უჭერენ ჰაერიდან თალიბებს ზოგიერთ რეგიონში.

სალეჰმა თქვა, რომ პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გააფრთხილეს ავღანეთის არმია, არ მიაყენონ საჰაერო დარტყმები თალიბებს საზღვრისპირა არეალებში. პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს ამგვარ მტკიცებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG