Accessibility links

site logo site logo

ფალავანდიშვილი ჟურნალისტებს: თქვენ გეკუთვნით დაჭერა, როცა პოლიცია არ გიჭერთ, ხალხი აღასრულებს


"ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს შეეხნენ, გაამწარეს ჟურნალისტებმა. თქვენ გეკუთვნით დაჭერა, როცა პოლიცია არ გიჭერთ, ხალხი აღასრულებს თავის ნებით და ეს ხანდახან საკმაოდ მძიმე ფორმებში ხდება", - თქვა პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა. ის 5 ივლისის საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული პოლიციაში, გამოკითხვას წინ უსწრებდა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, რომლის დროსაც, ფალავანდიშვილის თქმით, პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა.

ჰომოფობი, ნაციონალისტი, მოძალადე გურამ ფალავანიშვილი ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორია 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო გამოსვლების - თავად ძალადობის ორგანიზებაში თავის ბრალეულობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მომხდარში დამნაშავე თავად მედიაა, რომელმაც "ხალხი გაამწარა". 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 55 ადამიანი, მათგან 53 ჟურნალისტი დაშავდა. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

"ცემის მიზეზი, ინგა გრიგოლიას კისერზეა, რომ ხალხს წამლავს", - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა დაკითხვის შემდეგ. ის თავის თანამოაზრედ მიიჩნევს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უწონებს გამოსვლას 5 ივლისის დილას, სადაც მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ თვლიდა "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას.

"როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავს "თბილისი პრაიდის" მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზე, რა თქმა უნდა, მე ეს გამეხარდა. მას შეეძლო ეთქვა, რომ კი არ დავიცავ, დავაპატიმრებ, იმიტომ რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, მაგრამ მაინც გამეხარდა, იმიტომ რომ ხალხი შეიცოდა, არ ყოფილიყო მსხვერპლი და არ მომხდარიყო ექსცესები. ხალხზე იზრუნა. ვიღაც სატანისტი "ელგებეტე" ევროპელი თუ ამერიკელი თუ ვინც გინდა იყოს, თუ გინდა კრემლი იყოს, ვიღაცის დაძალებით რაღაც არ გააკეთა.

რაც მოხდა, იყო გამოწვეული ტელევიზიების და სოდომიტური ძალების [მხრიდან] ხალხის გამწარებით და ცილისწამებით. ამათ ძალადობა არ აინტერესებთ, ათასი ძალადობაც მომხდარა, მკვლელობაც, სასტიკი, უარესი, მაგრამ როდესმე საელჩოები რამეს წერენ? მათი მიზანი არის ისე შეფუთონ თემა, რომ "ელგებედე დიქტატურა" დაამყარეს", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული.

მოძალადე ჯგუფების საინფორმაციო ინტერნეტპლატფორმა "ალტ-ინფო" ავრცელებს იმ პირთა სიას, რომლების დღეს პოლიციაში გამოკითხეს:

  • ზურა მახარაძე
  • შოთა მარტინენკო
  • ირაკლი ყიზილაშვილი
  • კონსტანტინე მორგოშია
  • გიორგი ქარდავა
  • თემურ ბოკელაძე
  • რამაზ გაგნიძე
  • ბექა ბერიშვილი
  • ლევან ჩაჩუა
  • გიგა გიმზერიძე
  • ონისე ბრეგვაძე
  • ელგუჯა იაშაღაშვილი
  • გიორგი მახარაშვილი
  • ონისე ბერაძე
  • ბექა ბრეგვაძე
  • ზურა არველაძე
  • ალექსანდრე ფალავანდიშვილი
  • გურამ ფალავანდიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს მათ ვინაობას, ვინც პოლიციას დღეს ჩვენებას აძლევს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები 10-ზე მეტ პირთან ტარდება და ამ დროისთვის არც ერთი მათგანი ჯერ დაკავებული არ არის.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG