Accessibility links

site logo site logo

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


რუსთავის საოლქო სასამართლოში 16 ივლისს გამართულ სხდომაზე, სადაც 14 ივლისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს იხილავდნენ, პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ არ დაადასტურა, რომ მკვლელობა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა, რის შესახებაც მედიაში წერდნენ.

სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ მკვლელობა ჩხუბს მოჰყვა, ჩხუბი კი, თვითმხილველების, ასევე დაზარალებულების ჩვენების თანახმად, გამოიწვია მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულების უმისამართო ყვირილმა.

სხდომის შემდეგ პროკურორმა რადიო თავისუფლებას დამატებით უთხრა, რომ გამოძიებით არ დასტურდება გრძელი თმების გამო ჩხუბის დაწყება.

„14 ივლისს, გამთენიისას, ოდნავ ნასვამი ახალგაზრდების ერთი ჯგუფი გზის ერთ მხარეს მიდიოდნენ, ორი მთვრალი ახალგაზრდა კი - მეორე მხარეს, ამ უკანასკნელთა ყვირილმა სხვა ახალგაზრდების ყურადღება მიიქცია, ამას მოჰყვა კამათი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა და მკვლელობით დამთავრდა.

ერთი, ვისაც გრძელი თმები ჰქონდა, პრაქტიკულად არ დაზარალებულა, ამდენად ვერ ვიტყვი, რომ დანაშაული ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა“, თქვა ლევან ჯალაღანიამ.

ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულის უტყუარი ფაქტები და მხოლოდ თვითმხილველების განცხადებას ეყრდნობა. ასევე საქმეში არ დევს მკვლელობის იარაღი, გასაშლელი დანა.
მკვლელობაში ბრალდებულ ნიკა დუგლაძეს და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ გიორგი ჩაჩავას მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა დუგლაძეს წაყენებული აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე და 126-ე მუხლებით, რაც მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას და ცემას გულისხმობს და, საერთო ჯამში, ისჯება 16-დან 20 წლამდე პატიმრობით. მეორე ბრალდებულს, გიორგი ჩაჩავას, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
ბრალი ედება სს კოდექსის 376-ე მუხლით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორივე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG