Accessibility links

site logo site logo

რატომ ისმოდა სვეტიცხოველში რუსული გალობა - თეოლოგების და საპატრიარქოს განმატება


დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე ქართულთან ერთად რუსული ენაც ისმოდა, გალობდა რუს მგალობელთა გუნდი. ინფორმაცია თავდაპირველად "მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" მიერ გავრცელდა, მოგვიანებით საპატრიარქომ განმარტა, რომ რუსულ ენაზე წირვის ჩატარების უფლება ქართულ ეკლესიას უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულმა სასულიერო პირთა ჯგუფმა თხოვა, რომლებსაც სურდათ სვეტიცხოველში ელოცათ.

"მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეოლოგების განმარტებით, საპატრიარქოს სტუმარი უკრაინელი სასულიერო პირები, მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები არიან, რომლებსაც თავად უკრაინის ეკლესია არ აღიარებს.

"ოცდათხუთმეტი წლის წინ მოვედი ეკლესიაში და სლავურ ენაზე წირვა სვეტიცხოველში არ ყოფილა ამდენი ხანი. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ავტოკეფალია აღვადგინეთ, რუსეთმა თქვა: სადაც ქართულად წირავენ, ის იყოს ავტოკეფალური და სადაც სლავურად, ის ჩვენი დარჩესო. საეგზარხოსო აღადგინა ილია მეორემ, ახლა უკვე ოფიციალურად" - ასე აფასებს სვეტიცხოველში რუსულ ენაზე ჩატარებულ ლიტურგიას თეოლოგი, ბასილ კობახიძე. ის თვლის, რომ ეს ფაქტი ისეთივე აღმაშფოთებელია, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარი რუსი გავრილოვი.

სერგეი გავრილოვი გაახსენა რუსულად გალობამ თეოლოგ ბექა მინდიაშვილსაც.

"რუსების მიერ მე-19 საუკუნეში მთლიანად ამოლესილ და გადათეთრებულ სვეტიცხოველში, საქართველოს ეკლესიის გულისგულში, რუსულად ჩაატარეს ლიტურგია - ბარემ პირდაპირ გავრილოვი დაესვათ საპატრიარქო კათედრაზე. ენაა არაა პრობლემა, პრობლემა რუსული სამღვდელოება, მოსკოვის საპატრიარქოა, რომელიც მთლიანადაა შეზრდილი პუტინის ხელისუფლებაში და მისი მტრული იდეოლოგიური იარაღია" - წერს ის ფეისბუქზე.

"უფლის სადიდებლად ლიტურგიის ნებისმიერ ენაზე აღსრულება შეიძლება, თუმცა იმ ფონზე როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინტენსიურად უკანონოდ და თვითნებურად იჭრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში, კერძოდ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის და ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიებში და საქართველოს ეკლესიასთან შეუთანხმებლად აღასრულებს სხვადასხვა მსახურებებს, ხოლო საქართველოს ეკლესიას არ ეძლევა საშუალება ხსენებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღასრულოს თავისი კანონიკური უფლებამოსილება (ღვთისმსახურებისა და მისია-ევანგელიზაციის სახით), სრულიად სამართლიანია აღინიშნოს რომ ამ მეტად დაძაბულ ფონზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადაც გამოცხადდა რუსეთის მიერ უკანონოდ გაუქმებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენა და ასევე სადაც აღესრულება ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრება და მღვდელმთავართა ქიროტონია, პრინციპულად მიუღებელი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩვენი დიდი წინაპრების შეურაცხყოფელია რუსულ ენოვანი მსახურების შესრულება და წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას ქართველი ხალხის ეროვნული გრძნობების წინააღმდეგ" - ასე აფასებს რუსულად წირვის ჩატარებას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი", გვერდი ფეისბუქზე, სადაც თავდაპირველად გავრცელდა რუსულად გალობის კადრები.

სვეტიცხოველში ჩატარებული ქართულ-რუსულენოვანი წირვის შემდეგ სტუმრების საპატივსაცემოდ სადილიც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG