Accessibility links

site logo site logo

თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილმა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალით გამოიყვანა


პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის ძალის გამოყენებით გამოიყვანა ტერიტორიიდან.

ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა იძალადა თინა ბოკუჩავაზე და პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება მოითხოვა:

"პარლმენტის წევრმა პაპუაშვილმა პირდაპირ იძალადა თინა ბოკუჩავაზე, რაც არის ყოვლად მიუღებელი და მოვითხოვ კახა კუჭავასგან ადეკატურ რეაგირებას, რაც არის აუცილებელი".

პარლამენტში მისულ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვით გამოსვლა პირველივე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

პარალელურად, პროტესტს აგრძელებდნენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“.

ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში გადაიდო.

შსს მინისტრის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დღის წესრიგში დგას მთავრობის გადადგომის საკითხი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე ალაპარაკდა. საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა ევროკავშირის მხრიდანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG