Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი საქართველოზე: უმცირესობათა უფლებები მარგინალური საკითხი არ არის


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში თავისი მიმდინარე ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს ვებსაიტზე აქვეყნებს საგანგებო განცხადებას, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

"დღეს საქართველოს ვეწვიე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და შეხვედრის გასამართად ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებთან - საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან.

აქედან გამომდინარე, ასევე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის პარტიათა ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.

საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი ჩემი მთავარი მესიჯი არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების სრული განხორციელება რჩება საუკეთესო პირობად საქართველოში დემოკრატიული დღის წესრიგის განვითარებისთვის, ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების სასარგებლოდ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიზანსწრაფული პროგრესი კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, პოლიტიკური და სასამართლოს რეფორმების ფორმით. სასამართლოს რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია და წარმოადგენს პირობას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მაკრო ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. ბოლო პერიოდში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაჩქარებული წესით დამტკიცება სრულად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო და შიდა ძალებთან კონსულტაციების შედეგებს. ეს აშკარად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო.

ყველა ჩემს დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ხაზი გავუსვი იმ ცენტრალურ როლს, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს აქვს ევროკავშირ-საქართველოს ჩვენს ურთიერთობაში. უმცირესობათა უფლებები მარგინალური საკითხი არ არის - მრავალფეროვნების და ადამიანის ღირსების პატივისცემა არსებითია ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. გამოხატვის, პრესის და შეკრების თავისუფლების საკონსტიტუციო უფლებები დაცული უნდა იყოს.

მოხარული ვარ, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი ერთგული რჩება მისი სრული განხორციელებისადმი და უფრო ინკლუზიური, ერთიანი გზის პოვნისადმი ქვეყანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას შორის. მათ, ვისაც ჯერ ხელი არ მოუწერია, ამის გაკეთებისკენ მოვუწოდებ".

შეთანხმება სახელწოდებით "სამომავლო გზა საქართველოსთვის" 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა და ის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს გამოსვლის ერთადერთ მექანიზმად იქნა მიჩნეული. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციიდან შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ბლოკში მყოფ პარტიებს.

ბათუმში 19 ივლისს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

XS
SM
MD
LG