Accessibility links

site logo site logo

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა


საქართველო-უკრაინის პარტნიორობაზე, რუსული ოკუპაციის შედეგებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ილაპარაკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას მათი შეხვედრის შესახებ, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს:

„მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მადლობა გადაუხადა უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე - რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობას.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს 19 ივლისს ესტუმრა და საქართველოს, მოლდოვის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთად, ბათუმში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა". ზელენსკი იმყოფებოდა ენგურის ხიდზეც, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრები გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG