Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშასადამე


სინამდვილეში, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, ყველაფერი პირიქითაა.

"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი" კი არა, არამედ მე ვარ ევროპელი და მაშასადამე თუ ვარ ქართველი, რადგან თუკი საქართველო არაა ევროპა, მაშინ ის აღარც საქართევლოა და რუსეთია ევროპის გარეშე.

თუკი მე ვარ ქართველი ევროპის გარეშე, მაშასადამე, რუსეთი ვყოფილვარ. სახელდობრ, პუტინის რუსეთი.

რადგან თუკი ევროპა არ ვართ, მაშასადამე, თანამედროვე ნეოსტალინური ამბიციების მქონე რუსეთის ეთნოგრაფიული პროვინცია ვართ, სადაც ქართველი, საუკეთესო შემთხვევაში, რესტორნის საესტრადო კოლექტივის ჩოხოსან-თავფაფახიან მოცეკვავეს და გასართობ-მოხანჯლავე ეგზოტიკას ნიშნავს, ხოლო უარესში - ასევე მოცეკვავეს, ასევე ჩოხით თუ უჩოხოდ, ოღონდ აგრესიით და სიყეყეჩით გაბრუებულს, ბედნიერი რომ დაუვლის საცირკო დავლურს, როცა საზეიმო მიზეზად ჩათვლის თანამემამულეების დარბევა-ცემას და სიკვდილამდე მიყვანას...

ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯის და დაწვის შემდეგ, სამწუხაროდ ასეთი ქართველიც ვნახეთ ტრაგიკულად სამარცხვინო ხუთ ივლისს: დაგეშილი, გამმეტებელი, შეუწყნარებელი და ლაღად და ბედნიერად მროკავი სხვათა ჩაგვრის დროს...

ხუთი ივლისის ერთ-ერთ შემზარავ სიმბოლოდ სწორედ ეს რიტუალურ-ველური დიმპიტაურ-დამპიტაური დარჩება!

თითქოს ქართულს რომ გავდა ეს ცეკვა, მაგრამ სინამდვილეში რომელიმე საბჭოური "რაიცენტრის" ანსამბლის საფირმო ნომრის სასოწარკვეთილ და უბადრუკ გადმონაშთად რომ შერჩა ჩვენს დროს, საარქივო ფირებით ჩარჩენილს მეხსიერებაში: სხვათა ჟლეტის დროს რომ ცეკვავდნენ სტალინური ტერორის პიკში... ისტერიკით და თავგამოდებით!

ოღონდ იქ შიშის და იძულებითი ცეკვა-სიმღერის გამო მაინც იქნევდნენ ტირანის თითებზე ძაფით ჩამობმულ ხელ-ფეხს, ხუთ ივლისს კი - უმეტესად თავისი ან მამაოს ნებით (რაც ერთი და იგივე ყოფილა), მამლაყინწურად, არარსებული მტრის დამარცხებით გაგულისებულები, გენშტაბის იდეოლოგ დუგინის რკინის წინ - როგორც ფანატიკოსები კერპთან... ბიბლიური ოქროს ხბორის წინ როკვით გონებადაბნელებულთა მსგავსად.

ამ ატავისტურმა როკვამ ის ცნობილი და შემზარავი ცეკვა გამასხენა, ავტომატშემართული ბოევიკი რომ ცეკვავს სოხუმის დაცემის დღეს...

ზეიმი უბედურების ჟამს!

მაგრამ ის თავისას მაინც ზეიმობდა და ამათ კი რაღა აცეკვებდათ ამ ჯოჯოხეთურად ცხელ დღეს? ვისთვის მოეგოთ? რომელი დაუძლეველი მტრის ჯინაზე ეთამაშათ ლეზგინკა?

ნუთუ ესეც საქართველოა? ნუთუ ესეც ქართველია? უგულო, სასტიკი, შეუწყნარებელი, მოტყუებელი და სამუდამოდ გაცუცურაკებული ნამდვილი მტრის მიერ...

ჰო, შესაძლოა ესეცაა...

ან მხოლოდ ესაა მაშასადამეს გარეშე, რადგან თუკი საქართველო ევროპა არაა, მაშინ აღარც ქართულში საუკეთესოს, ნამდვილს და საამაყოს ჰქონია გადარჩენის შანსი!

მაშასადამე | ლაშა ბუღაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG