Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა რუსეთისგან ითხოვს "სპუტნიკის" დამატებით დოზებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის მთავრობას სთხოვა კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების, „სპუტნიკ V“-ის და „სპუტნიკ ლაით“-ის 2 ათასი დოზა. ამის შესახებ ცხინვალში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა. მისი ინფორმაციით, რუსული ვაქცინების ახალ პარტიას უახლოეს ხანში მიიღებენ.

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პირველად მაისში გაგზავნა ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის 2 ათასი დოზა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის რუსული ვაქცინით აცრილია 702 პირი, მათგან 308 - ორივე დოზით. ამჟამად დე ფაქტო მთავრობა რუსეთისგან ითხოვს 1000, ორდოზიან „სპუტნიკ V“-ს და 1000 ერთდოზიან „სპუტნიკ ლაითს“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რეს“-ს დღეს აცნობა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 39 შემთხვევა. კოჩიევას თანახმად, პანდემიის პერიოდში დაინფიცირდა 3951 ადამიანი, რომელთაგან 3539 გამოჯანმრთელებულია.

დე ფაქტო ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხანია აღარ აქვეყნებს მონაცემებს COVID-19-ით გარდაცვლილთა შესახებ. სხვადასხვა ინფორმაციით, მათი რიცხვი 60-ს აჭარბებს.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 50 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG