Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში


ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს,რომ ეპიდსიტუაცია უარესდება და მიმდინარე ორი დღის მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმ პიკურ მონაცემებს, რომლებიც მაისსა და ნოემბრის დასაწყისში იყო.

„ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითავისოთ და უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები და პირველ რიგში პირბადე. ხაზს ვუსვამ, პირბადე ყველა დახურულ შენობაში. მოეშვა ხალხი. ასევე შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში, იქ სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი ერთად, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე...და მთავარი, ყველა წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არის და უახლოეს მომავალში დამატებით კიდევ შემოვა ვაქცინების ის რაოდენობა, რომლებიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დღეში 15-20 000 ადამიანი აიცრას.

"დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს 2 რამ - დაცვა წესების, რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ასე და ასე შემდეგ და ავიცრათ ყველა. თუ ამას გავაკეთებთ, აღარ გაუარესდება სიტუაცია", - უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უწყებათშორის საბჭოში დაწესებული რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების რეკომენდაციით შევა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

მეორე დღეა 2000-ს აჭარბებს ინფიცირების ახალი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 627 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2415 შემთხვევა. მათგან 1391 თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG