Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: გვაქვს ვაქცინა და ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა არ არის


თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, სოციალური და ეკონომიკური ფონი ქვეყანაში მძიმეა, რაც ძნელად იძლევა ლოკდაუნის შესაძლებლობას. თამარ გაბუნია აღნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანა პრაქტიკულად უზრუნველყოფილია ვაქცინით და სწორედ ვაქცინაციაა კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვის ზრდით გამოწვეული რთული სიტუაციიდან გამოსავალი:

„ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური ფონი, ასევე ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოკდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამისი აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ჩვენთვის დღეს მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, არის ვაქცინაცია და ასევე იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ჯერ კიდევ ძალაშია“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ ქიმიურ რისკფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

მეორე დღეა 2000-ს აჭარბებს ინფიცირების ახალი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 627 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2415 შემთხვევა. 20 ივლისს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო და 2616-ს შეადგენდა. 20 ივლისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ასევე 26 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG