Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია


საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკვე მეორედ ვერ აირჩია, პირველად კენჭი პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის ორ კანდიდატურას 18 ივლისს უყარა. ამჯერადაც დასახელებული ორი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა - 100 ხმა.

  • გიორგი კალანდარიშვილი 83 მომხრე 11 წინააღმდეგი
  • გიორგი სანტურიანი 4 მომხრე 11 წინააღმდეგი

საქართველოს პარლამენტის განმარტებით იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა კვლავ ვერ მოხდა, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა.

ამ კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

რადგან ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩევა მოხდება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.

ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ეს თანამდებობა სწორედ ამ დღიდან გახდა ვაკანტური.

კომისიის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 11-მა პირმა გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG