Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არხის" იურისტი: მიკროფონის წართმევით თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა 


თამთა მურადაშვილი, "მთავარი არხის" იურისტი
თამთა მურადაშვილი, "მთავარი არხის" იურისტი

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის შეფასებით, ჟურნალისტ ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევით საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. თამთა მურადაშვილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაც და სხვისი ნივთის, ამ შემთხვევაში მიკროფონის დაუფლებაც, რაც შემდგომ ფეისბუკის საშუალებით აღიარა კიდეც.

თამთა მურადაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე საქმის კურსში ჩააყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. მისივე თქმით, თეა წულუკიანის დღევანდელი ქმედების შესახებ ინფორმაცია დაემატება იმ საქმესაც, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსაგზავნად მზადდება ჟურნალისტებზე ძალადობის, ხელისუფლების მიერ ამ ძალადობის წახალისებისა და პოლიციის უმოქმედობის შესახებ.

თეა წულუკიანმა ჟურნალისტ ემა გოგოხიასთვის მიკროფონის წართმევით თამთა მურადაშვილის აზრით კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შესძინა იმ პროცესებს, რაც 5 ივლისის შემდეგ მიმდინარეობს საქართველოში.

„მთავარი არის ის, რომ ასეთი მძიმე ვითარების ფონზე, როდესაც ადამიანი გვყავს დაღუპული, ჟურნალისტი და პლიუს ასეთი ძალადობა მიდის ჟურნალისტების წინააღმდეგ, ეს ადამიანი, ხელისუფლების წარმომადგენელი კიდევ აგრძელებს და უმატებს სიმწვავეს ამ პროცესებს. ეს არის წახალისება, რომ ხვალ კიდევ დაშავდნენ ჟურნალისტები და მგონია, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა. ძალადობა აღიარებულია და მას ლეგიტიმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები აძლევენ“. - უთხრა თამთა მურადაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG