უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნაში Agile Spirit (მტკიცე სული) 2021-ში, რომელსაც საქართველო წელს მეათედ მასპინძლობს.
„ამ წვრთნაზე უკრაინას წარმოადგენს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითების დანაყოფი, საშუალო სადესანტო გემი „იური ოლეფერენკო“ და თანმხლები საპატრული კატარღა „სლავიანსკი“, რომლებიც უკვე შევიდნენ საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთში“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ქართული და ამერიკული სარდლობების მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit (მტკიცე სული) 2021-ში, 26 ივლისს დაიწყება და 6 აგვისტომდე გაგრძელდება.
სწავლებაში, რომლის ცალკეული ელემენტები რამდენიმე ლოკაციაზე (ვაზიანისა და სენაკის სამხედრო ბაზებსა და ორფოლოს პოლიგონზე)გაიმართება, ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
ცოტა ხნის წინ უკრაინის მთავარ საპორტო ქალაქ ოდესაში 28 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართა ამერიკულ-უკრაინული სამხედრო წვრთნა „სი ბრიზ 2021“, რომელშიც ორგანიზატორების გარდა 30 ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 30 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, 32 გემი, 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ასევე სპეცდანიშნულებისა და მყვინთავების 18 რაზმი იღებდა მონაწილეობას.