Accessibility links

site logo site logo

ტოკიო-2020 – დაგვიანებული, მოწყენილი და ჩუმი ოლიმპიადა


საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე ოცდათხუთმეტი სპორტსმენით გამოვა.

ტოკიო-2020 - ასე დარჩება ისტორიას ზაფხულის ოცდამეთორმეტე ოლიმპიური თამაშები, რომელსაც იაპონიის დედაქალაქი 2021 წელს მასპინძლობს. კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული ოლიმპიადა დღეს გაიხსნება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 205 ქვეყნის 11 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე ოცდათხუთმეტი სპორტსმენით გამოვა სპორტის თერთმეტ სახეობაში. ყველაზე მეტი მონაწილე ძიუდოში გვეყოლება - მამაკაცთა შორის შვიდივე წონით კატეგორიაში და ქალებში ორ წონაში. თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სულ შვიდი ქართველი სპორტსმენი ჩაებმება ოლიმპიურ კონკურენციაში. სწორედ საჭიდაო სახეობებისგან ელიან ქართველი გულშემატკივრები არაერთ მედალს, თუმცა ოქროს მედლის ნომერ პირველ ფავორიტად საქართველოს დელეგაციაში სულ სხვა სპორტსმენი სახელდება - ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც იაპონიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ჩავიდა და, გარდა ამისა, ზურგს მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის ტიტულებიც უმაგრებს.

გახსნის ცერემონიალზე საქართველოს მედროშეები ტალახაძე და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნებიან, რომლისთვისაც ტოკიო-2020 მეცხრე ოლიმპიური თამაშები იქნება. ამასთან, სალუქვაძე ქართულ დელეგაციაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიადებზე სამივე სინჯის მედალი აქვს აღებული: 1988 წელს სეულში - ოქრო და ვერცხლი და 2008 წელს პეკინში - ბრინჯაო.

ცარიელი ტრიბუნები

ტოკიო-2020, მართალია, ჩაშლას გადაურჩა, მაგრამ იმდენი შეზღუდვით ტარდება, შეგვიძლია აქედანვე დავარქვათ ყველაზე წყნარი და მოწყენილი ოლიმპიადა. იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ თვეების წინ აიკრძალა ოლიმპიური თამაშების პერიოდში ქვეყანაში უცხოელი მოქალაქეების შესვლა. სპორტულ ღონისძიებებს მხოლოდ ადგილობრივები უნდა დასწრებოდნენ, ისიც გვარიანად შეზღუდული რაოდენობით. ახლახან კი რეგულაცია კიდევ უფრო გამკაცრდა და ტრიბუნების კარი იაპონელთათვისაც ჩაიკეტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიდე სუგას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე გაიმართოს.

ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი
ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი

უჩვეულო სიჩუმის თავიდან ასაცილებლად კი ორგანიზატორები წინა ოლიმპიადების გულშემატკივართა ხმების აუდიოჩანაწერებს გამოიყენებენ ტრიბუნიდან წამოსული ხმაურის ილუზიის შესაქმნელად.

დევიზი

„უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიურ თამაშებზე“ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეს დევიზი ტოკიოს ოლიმპიადის წინაც უცვლელი რჩება. შეგახსენებთ ქართველი სპორტსმენების მონაგარს რიო-2016-ზე - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ამრიგად, მიზნის მისაღწევად, ტოკიოში მინიმუმ ორჯერ უნდა აჟღერდეს საქართველოს ჰიმნი, მედლების რაოდენობა კი შვიდზე მეტი უნდა იყოს.

შვიდზე მეტი მედალი საქართველოს დამოუკიდებელ დელეგაციას არც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე არ მოუპოვებია. ოქროების რაოდენობით კი საუკეთესო 2008 წლის ოლიმპიური თამაშები იყო - პეკინში ქართველი სპორტსმენები სამჯერ ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ისტორია

საქართველოსთვის ოლიმპიური მედლების ისტორია 1952 წლიდან იწყება, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით თხუთმეტი ქართველი სპორტსმენი ჩაება კონკურენციაში და მათგან ცხრამ მედალი მოიპოვა. პირველი ჩემპიონები იყვნენ მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი და ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელი.

ორმოცი წლის განმავლობაში, ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში იბრძოდნენ ოლიმპიური მედლებისთვის. 1992 წელს, ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდი ჩავიდა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად აღიმართა საქართველოს დროშა და აჟღერდა ჰიმნი. ბარსელონაში სულ თორმეტი ქართველი სპორტსმენი ჩავიდა და მათგან რვამ მედალი მოიპოვა (სამმა ოქრო, ხუთმა - ბრინჯაო). ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, ძალოსანი კახი კახიაშვილი და მოჭიდავე ლერი ხაბელოვი.

1996 წლიდან, საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მონაწილეობს. პირველი დამოუკიდებელი ქართული ოქროს ისტორია კი 2004 წლიდან იწყება, ძიუდოისტ ზურაბ ზვიადაურის ტრიუმფით. ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს შორისაც, ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ზვიადაურის ათენური ჭიდაობაა. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო, იმავე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსან გიორგი ასანიძის გამარჯვება და 2008 წელს, რუსეთ საქართველოს ომის პარალელურად მიმდინარე პეკინის ოლიმპიადაზე, მოჭიდავეების მანუჩარ კვირკველიასა და რევაზ მინდორაშვილის და ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძის მიერ მოპოვებული ოქროები.

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე, ძალოსანთა მძიმე წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა, ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს იყო პირველი შემთხვევა ოლიმპიადების ისტორიაში, როდესაც კვარცხლბეკზე ერთდროულად ავიდა საქართველოს ნაკრების ორი წევრი.

დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური ისტორიის შავ ლაქად კი რჩება ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადა, როდესაც, ძიუდოში მძიმე წონის უმთავრესმა ფავორიტმა დავით ხახალეიშვილმა არათუ ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, საერთოდ საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. ოღონდ ამ წარუმატებლობის მიზეზი წაგება არ ყოფილა. ლეგენდარული ძიუდოისტი ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა წინასაშეჯიბრო აწონვაზე არგამოცხადების გამო, ამოიღეს სატურნირო ბადიდან. ქართული დელეგაციის წევრებმა ძიუდოს ასაწონ დარბაზს ვერ მიაგნეს!

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

საქართველოს დელეგაცია ტოკიოში ორი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონით ჩავიდოდა, ლაშა ტალახაძის გარდა ლიცენზია ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც რომ მოეპოვებინა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონს მორიგი ოლიმპიური თამაშებისკენ მიმავალი გზა ორიოდ თვის წინ, კორონავირუსმა ჩაუკეტა. ხინჩეგაშვილი სალიცენზიო ტურნირზე გამგზავრების ნაცვლად, საავადმყოფოში აღმოჩნდა და ერთხანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, ოლიმპიადა აღარავის ახსოვდა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წონით კატეგორიაში - 65 კილოგრამში საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე არ ეყოლება.

მილიონი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს დელეგაციაში შემავალი სპორტსმენი, სახელმწიფოსგან სოლიდურ ჯილდოს - მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ, ქართველ ოლიმპიელებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა, ახლახან გამართულ გაცილების საზეიმო ცერემონიალზე.

ამრიგად, ოლიმპიური თამაშების მედალოსნებისთვის დაწესებული ოფიციალური პრემიებიდან, ჩემპიონისთვის დაწესებული თანხა - 170 ათასი ლარი თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. პრიზიორების პრემიებში შესაძლო ცვლილება კი არც ღარიბაშვილს უხსენებია და არც ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაუსწორებიათ. შესაბამისად, თუ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვალა, ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულს მილიონი ერგება, ვერცხლის პრიზიორს - ათჯერ ნაკლები (102 ათასი), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - თხუთმეტჯერ ნაკლები (68 ათასი).

ქართველები ტოკიოში

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო. 66 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო. 66 კგ)

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. 73 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. 73 კგ)

ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო. 81 კგ)
ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო. 81 კგ)

ლაშა ბექაური (ძიუდო. 90 კგ)
ლაშა ბექაური (ძიუდო. 90 კგ)

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო. 100კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო. 100კგ)

გურამ თუშიშვილი (ძიუდო. +100 კგ)
გურამ თუშიშვილი (ძიუდო. +100 კგ)

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო. 52 კგ)
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო. 52 კგ)

ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო. 57 კგ)
ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო. 57 კგ)

შოთა მიშველიძე (ძალოსნობა. 61 კგ)
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა. 61 კგ)

გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა. 67 კგ)
გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა. 67 კგ)

ანტონ პლესნოი (ძალოსნობა. 96 კგ)
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა. 96 კგ)

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა. +109 კგ)
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა. +109 კგ)

ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა. 74 კგ)
ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა. 74 კგ)

ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა. 97 კგ)
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა. 97 კგ)

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. 125 კგ)
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა. 125 კგ)

რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 67 კგ)
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 67 კგ)

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 87 კგ)
ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 87 კგ)

გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა. 97 კგ)
გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა. 97 კგ)

იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 130 კგ)
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 130 კგ)

სახილ ალახვერდოვი (კრივი. 52 კგ)
სახილ ალახვერდოვი (კრივი. 52 კგ)

ესკერხან მადიევი (კრივი. 69 კგ)
ესკერხან მადიევი (კრივი. 69 კგ)

გიორგი ხარაბაძე (კრივი. 75 კგ)
გიორგი ხარაბაძე (კრივი. 75 კგ)

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)

სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა. ხმალი)
სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა. ხმალი)

მარიამ იმნაძე (ცურვა. 100 მეტრი. თავისუფალი სტილი)
მარიამ იმნაძე (ცურვა. 100 მეტრი. თავისუფალი სტილი)

ირაკლი რევიშვილი (ცურვა. 400 მეტრი. თავისუფალი სტილი)
ირაკლი რევიშვილი (ცურვა. 400 მეტრი. თავისუფალი სტილი)

სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)
სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში)

გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა)
გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა)

ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა)
ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა)

სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა)
სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა. ბირთვის კვრა)

ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა. სამხტომი)
ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა. სამხტომი)

ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა. სიგრძეზე ხტომა)
ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა. სიგრძეზე ხტომა)

გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე. +75 კგ)
გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე. +75 კგ)

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG