Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარმა არხმა" თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანიის მიკროფონის წართმევის ფაქტზე პროკურატურას მიმართა


„მთავარმა არხმა“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის წართმევის გამო პროკურატურას განცხადებით მიმართა. ტელეკომპანია ითხოვს საკუთარი ნივთის დაუყოვნებლივ დაბრუნებას და მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. როგორც პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, თეა წულუკიანმა 22 ივლისს ტელეკომპანიის ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 2 დანაშაული ჩაიდინა - პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძარცვა.

„დღეს ჩვენ შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში თავისი წყალგაუვალი მტკიცებულებებით, სადაც ჩანს როგორც ძარცვა, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამავე კადრებში ჩანს პოლიციელების მიმართ სრულიად აბუჩად ამგდები დამოკიდებულება, სადაც წულუკიანი ამბობს, რომ ის ვიღაცეები, ვინც გამოიძახეთ, საერთოდ არ მაინტერესებს. ეს ვიღაცეები არიან პატრული და კრიმინალური პოლიცია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურის წინ ბრიფინგზე, სადაც 4 ტელევიზიის - „მთავარი არხის“ „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და „კავკასიის“ - მიკროფონებით წარდგა. მისი განცხადებით, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ მიკროფონის წართმევა სრულიად პირობითი იყო და მის ადგილზე შეიძლებოდა სხვა კრიტიკული ტელევიზიის მიკროფონიც აღმოჩენილიყო:

„მის ნაცვლად შეიძლებოდა ყოფილიყო "ფორმულას" მიკროფონი, "ტვ პირველის" მიკროფონი, "კავკასიის" მიკროფონი. ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი შეტევის ქვეშ, 24-საათიანი შეტევის ქვეშ. ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ. ქალბატონი წულუკიანი არის ამის ერთ-ერთი მთავარი სახე. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოძალადე, ამ ქვეყნის მთავარი ჯალათი. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს პირდაპირი მნიშვნელობით მოპარა მიკროფონი, მიიტაცა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა, ერთის მხრივ, და, მეორეს მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ პროკურატურის წინ. მისი თქმით, 22 ივლისს მომხდარი ფაქტი არის სიგნალი იმისა, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 ივლისს სენაკში, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG