Accessibility links

site logo site logo

ელენე ხოშტარია და ნიკა მელია თბილისში გამოკრულ სიძულვილის პლაკატებს ეხმაურებიან


ოპოზიციის ნაწილის მიერ დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია თბილისის ქუჩებში გამოკრულ სიძულვილის შემცველ პლაკატებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

ელენე ხოშტარიას თქმით, სიძულვილის კამპანია აგრძელებს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმის იმ კამპანიას, რომელსაც შეეწირა ადამიანის სიცოცხლე:

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დასაჯოს ყველა ორგანიზატორი იმ ძალადობისა, რაც მოხდს 5 ივლისს, ზიზღის ობიექტებად გამოაკრეს ის ჟურნალისტები და იმ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავად დაესხნენ თავს. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი, უსამართლობა. ჩვენ კარგად გვინახავს, როგორ იქცევა მერია, როცა აქტივისტები, მაგალითად, ანტისაოკუპაციო სტიკერებს აკრავენ ქალაქში. მათ დასდევს უკან სუსი, პოლიცია, იჭერენ, აკავებენ და ამ პოსტერებს მომენტალურად ხევენ. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს მერია აძლევს უფლებას ამ პლაკატების ავტორებს, რომ ეს ყველაფერი ქალაქში ხდებოდეს“.

ნიკა მელია აცხადებს, „ზიზღის კამპანიის“ ავანგარდში დგანან მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრი, კულტურის მინისტრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები:

„ეს ქალაქი არის და უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში აღარ უნდა იყოს სიძულვილის ადგილი. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც არ არის შურისძიება. ამიტომ ამისათვის საჭიროა, რომ ზიზღის კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ხელისუფლებას არ მივცეთ. ეს კამპანია, რომელსაც აწარმოებს ივანიშვილის გუნდი, ვერ პოვებს მოჭიდებას“.

თბილისში, 24 ივლისს, დილიდან გამოჩნდა პლაკატები წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე დატანილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის ნოდარ მელაძის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი მფლობელის დავით კეზერაშვილის, სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილისა და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის გამოსახულებები. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. მათივე განმარტებით, პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG