Accessibility links

site logo site logo

მეუფე სპირიდონი 5 ივლისის ძალადობაზე: კიდევ კარგად გადარჩით თქვენ


სხალთელი მთავარეპისკოპოსი, წმინდა სინოდის წევრი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი დირექტორი, სპირიდონ (აბულაძე) 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს დასავლეთის მიერ წაქეზებულს უწოდებს და ამბობს, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ძალადობას, ჟურნალისტების მასობრივი ცემის ფაქტს, მეუფე სპირიდონი საღმრთო წესრიგის დამყარებით ამართლებს და სამომავლოდაც იმუქრება.

„წააქეზეს დასავლეთის, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. საელჩოებმა ეს ეშმაკზე მიყიდული 15 პარტია, თავისი საელჩოებიანად და აგერ, თქვენ იცით, რაც მოხდა (5 ივლისს) და მერე აგერ, ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო...

მურვან ყრუს არ უკადრებია ასეთი რაღაც, კაცო, რომლებმაც გაჟლიტეს ქართველები. არ უკადრებია ეს ჯალალედინს და აღა-მაჰმად-ხანს, რასაც ეს ბინძური ევროპა, მათი ელჩები, ამერიკის ელჩი და ეს 15 პარტია კადრულობს...

მერე ჩვენ გვაბრალებენ - თქვენ ხართ მოძალადეებიო... კიდევ კარგად გადარჩით თქვენ. ჩვენი ხალხი თავის სიწმინდეს ხმლით ხელში იცავდა და ზედ აკვდებოდა, რომ სიწმინდეები არ შეებილწათ...

მოძალადეები თქვენა ხართ, შვილო - თქვენი წამქეზებელი ის 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი...

არ იქნება თქვენი საშველი, სანამ არ გაიწმინდება ამ სიბინძურისგან საქართველო და თქვენც მიჰყვებით იმას, თუ ჭკუას არ მოუხმობთ. ეს არის რეალობა. ეს არის საღმრთო წესრიგი“, - თქვა მეუფე სპირიდონმა კვირას, ქადაგებისას.

მისი ქადაგების შინაარსი ზუსტად იმეორებს მოძალადე ჯგუფების მიერ სხვადასხვა პლატფორმიდან გაჟღერებულ მესიჯებს.

საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, თუმცა მომხდარი მანაც იმთავითვე „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებს დააბრალა.

სასულიერო პირების ერთი ნაწილი ძალადობაზე საუბრისას ხაზგასმით აცხადებს, რომ ჟურნალისტები თავად ფსიქოლოგიური მოძალადეები არიან. ჟურნალისტების მიმართ ანტაგონისტური, აგრესიული რიტორიკა ისმის ხელისუფლების მხრიდანაც, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს ოპოზიციური პარტიების გეგმის ნაწილად განიხილავს.

დღემდე სახელმწიფოს კანონის შესაბამისი პასუხი არ მოუთხოვია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილისთვის.

5 ივლისს, პარლამენტის წინ შეკრებილ ისედაც ჟურნალისტებზე დაგეშილ ჯგუფებს მან ემოციურად განუმარტა, რომ ძალადობა მათი ვალდებულებაა.

„არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ - გამოაცხადა დეკანოზმა პარლამენტის წინ.

საპატრიარქოდან რადიო თავისუფლებას შეატყობინეს, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილს „საყვედური“ გამოუცხადეს. თუმცა მედიაში გავრცელებულ შემდგომ განცხადებებში „საყვედური“ „სასტიკი საყვედურით“ ჩანაცვლდა.

მუქარას თავად დეკანოზმა ჟურნალისტების მიერ „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ უწოდა.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 30-მდე პირი.

სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების დაკავებას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG