Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა


ბიძინა ესებუა
ბიძინა ესებუა

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ, ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება მსჯავრდებული და მისი ოჯახი. როგორც ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, „სასამართლო დაეყრდნო პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ, უსაფუძვლო ჩვენებებს და სამწუხაროდ, მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება“. იოსებ ჯანაშიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი გამოიყენა მოსამართლე ნატრული აკობიამ, თუმცა განაჩენის გაასაჩივრებს, რადგან ბიძინა ესებუა უდანაშაულოა და ფაქტი რასაც პროკურატურა ედავება, არ ყოფილა.

ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებული მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ ის ძებნილ ბადრი ესებუას ძმაა. მისი თქმით, ამ პოზიციაზეა ოჯახიც და მსჯავრდებულიც.

ბიძინა ესებუა სამართალდამცველებმა 12 დეკემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები. შესაბამისად, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი.

14 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. დაცვის მხარე გირაოს (10 000 ლარის) შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაკავებული ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამბობს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციამ „ჩაუდო“.

რაც შეეხება ბადრი ესებუას, მას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG