Accessibility links

site logo site logo

სომხეთი ადასტურებს აზერბაიჯანთან საზღვარზე 3 ჯარისკაცის დაღუპვას


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებისას დაიღუპა სომხეთის არმიის 3 სამხედრო და 2 დაიჭრა.

დღეს დილით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი კვლავ დაადანაშაულეს საკუთარი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმებსა და დაძაბულობის ესკალაციაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავს დაესხნენ სომხეთის ძალების პოზიციებს საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, საპასუხო შეტევის შედეგად კი, დანაკარგებით უკან დაიხიეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გასული ღამიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღით და ნაღმმტყორცნებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაცხრილვა ქელბაჯარის რაიონში, რასაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ადეკვატური ზომებით უპასუხეს. აზერბაიჯანი ჯერჯერობით ოფიციალურად ადასტურებს ორი ჯარისკაცის დაჭრას.

2020 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG