Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს


მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს... როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება", - თქვა კობახიძემ.

მას არაფერი უთქვამს იმ კრიტიკაზე, რომელიც მმართველი პარტიის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდებოდა. კობახიძის თქმით, ისინი სრულად ასრულებდნენ შეთანხმების პირობებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეთანხმების გვერდის ავლით დანიშვნაზე საუბრობდნენ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

შარლ მიშელმა ბრიფინგზე თქვა შემდეგი:

  • „19 აპრილის შეთანხმების სრული შესრულება რჩება საუკეთესო გარანტიად საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წასაწევად, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“;
  • „სასამართლო რეფორმა წარმოადგენს 19 აპრილის შეთანხმების არსებით ნაწილს და საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების გამოყოფის პირობას“;
  • „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბოლოდროინდელმა დაჩქარებულმა დანიშვნამ არასრულად ასახა საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებთან გამართული კონსულტაციების შედეგები. ეს აშკარად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო“.
XS
SM
MD
LG