Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ერთ დღეში ბელარუსიდან გადასული 171 მიგრანტი დააკავეს


27 ივლისს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ბელარუსიდან არალეგალურად გადასული და ერთი დღის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის 171 მიგრანტი დააკავეს. ყველა დაკავებული ერაყის მოქალაქეა, რასაც მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს.

მთლიანობაში კი მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს 3027 მიგრანტი, რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას. მათი ნახევარზე მეტი აღმოჩნდა ერაყელი, მაგრამ იყვნენ ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეებიც.


ვილნიუსი მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

ლიეტუვა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასი, ბელარუსში შარშან აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კენჭისყრაზე 66 წლის ლუკაშენკა კიდევ ერთხელ გამოცხადდა გამარჯვებულად, რასაც უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, კენჭისყრის შედეგს არ ცნობს დასავლეთი. ლიეტუვამ თავშესაფარი შესთავაზა სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც, მისი მხარდამჭერების თქმით, არჩევნების რეალური გამარჯვებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG