Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„დღეს საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა. მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტიურ ჩარევას უახლოეს საათებში", - წერს „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა:

"რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა";

"რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტებიც რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა";

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს";

"დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ";

"თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე კვირის წინ განაახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, ოპოზიციამ მმართველი პარტია "მიშელის შეთანხმების" დარღვევაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG