Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ "ქართული ოცნების" სისუსტე უნდა გამოიყენოს


პარლამენტის წევრი "გირჩიდან" იაგო ხვიჩია
პარლამენტის წევრი "გირჩიდან" იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პარტია „გირჩის“ პოზიციაა, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს „ქართული ოცნების“ შეცდომა, რომელიც ამ პარტიამ დაუშვა „მიშელის შეთანხმების“ ანულირებით.

„ეს არის ქულის მიცემა ოპოზიციისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არა აქვს თავდაჯერება, რომ 43 პროცენტს აიღებს, არჩევნებს მოიგებს და აქედან გამომდინარე მოაწყო ეს დრამა, რომ ადამიანებს იმედი გაუქრეთ იმისი, რომ ამ არჩევნებზე რამე შეიცვლება და არჩევნებზე არ მივიდნენ, და ასეთი ფორმით აიღოს 43 პროცენტი “, - განუცხადა დღეს პარლამენტში, ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამ სისუსტეს ოპოზიციამ უნდა დაუპირისპიროს ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება არ ელოდება. ხვიჩიას შეფასებით, ოპოზიციისგან ასეთი ნაბიჯი არ უნდა იყოს პარლამენტიდან გაქცევა და ბოიკოტი, რადგან ხელისუფლება სწორედ ამას ელოდება:

„პირიქით უნდა მოხდეს. ვისაც არ ჰქონდა ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე, იმანაც უნდა მოაწეროს, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც აქამდეც კი არ ყოფილა პარლამენტში, უნდა შემოვიდეს, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე, ქართველი ხალხის თვალში ეცადოს და აქციოს, როგორც არადასავლელი, არაევროპელი პარტია“.

იაგო ხვიჩიას განცხადებითვე, სექტემბერში იწყება პარლამენტის სესია, სადაც ოპოზიციის ყველა დეპუტატმა სრულად უნდა გამოიყენოს თავისი დრო, კომისიები, თუ კომიტეტები და „ქართული ოცნება“ მუდმივად აკრიტიკოს „საქართველოს წაყვანის გამო რუსეთისკენ“. ხვიჩია მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია ამას მიაღწევს და ხალხი ამას დაიჯერებს, ეს ოპოზიციის გამარჯვების შანსია.

„გირჩის“ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს ოპოზიცია პარლამენტიდან ქუჩაში გააქციოს და პარლამენტში ისევ კომფორტულად დარჩეს: „მე უბრალოდ, რისიც მეშინია ყველაზე მეტად - თქვენ იცით ჩემი ეჭვები, რომ მიშას ბიძინა უხდის ფულს - თუ ეს ასეა, მაშინ ეს ყველაფერი შეთანხმებული თამაშია“.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ასეთ შესაძლებლობას არც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამორიცხავდნენ.

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას.

შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას, ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, ასევე, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ". შეთანხმება მოიცავს დათქმასაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG