Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი საერთაშორისო პარტნიორებს პასუხობს: შეშფოთებულები ვართ ჩვენც


"ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას და ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან ისინიც. მაშინ, როცა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ვოლსკი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებს აფასებდა, აშშ-ის საელჩოს განცხადბაც გავრცელდა.

"შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის... მინდა შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს რომ გაატაროს ნაცმოძრაობამ და მის ირგვლივ შემოკრებილმა რამდენიმე სუბიექტმა... არ შეიძლება იყო იმ შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ამას გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აფასებს კრიტიკულად "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ანულირებულად გამოეცხადებინა "შარლ მიშელის დოკუმენტი".

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირობა დადო, რომ კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს. ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG