Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ღორის აფრიკული ჭირი უტევს


ფერმერებს ასობით ღორი მოუკვდათ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომელსაც ღორის აფრიკული ჭირი უტევს.

დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სანიტარული სამსახურის თანამშრომლებმა იმ სოფლების შესასვლელებთან რომლებშიც დაავადება დადასტურდა, სადეზინფექციო ბარიერები დაამონტაჟეს.

ვეტერინარული სამსახურის უფროსის აცამაზ თედეევის ინფორმაციით, აფრიკული ჭირის შემთხვევები დაფიქსირდა ორი რაიონის ცხინვალის და ახალგორის სოფლებში, საიდანაც სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოტანა აკრძალულია. გარდა ამისა, ოსური მედიის ცნობით, სოფლებში სადაც ღორების დაცემა დაფიქსირდა, სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ ღორის მოშენებას.

„სადეზინფექციო ბარიერები ავტომობილის ბორბლების დეზინფექციისთვის დამონტაჟდა ცხინვალ-კოხათის, ცხინვალ-დმენისისა და დმენისი-ლენინგორის გზებზე. ბარიერი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებას სხვა ახლომდებარე სოფლებისთვის", - თქვა თედეევმა.

მანამდე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა, დეზინფორმაციულ -პროპაგანდისტულ სტილში, საქართველოს მოქმედი ლუგარის ლაბორატორია დაადანაშაულა დე ფაქტო რესპუბლიკაში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როგორ შევიდა დაავადება იზოლირებულ ოკუპირებულ რეგიონში, როცა შიდა ქართლის სოფლებში ეს დაავადება არ გავრცელებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG