Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: "ლელოსავით" 3 % რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა არანაირი ფორმით არ იქნება დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მან განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შედეგებს ამ თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ექნება:

„რომც ავიღოთ 3 პროცენტი ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93 პროცენტი რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება არჩევნები. შეგახსენებთ ჩვენს განცხადებას, ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული იმისათვის, რომ კოალიციური მმართველობა, ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად ჩვენ მივიღებთ ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

პოლიტსაბჭომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისში საარჩევნო კამპანიის ლიდერად თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამავე სხდომაზე შეჯერდნენ მერობის კანდიდატები 63-ვე მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტს ვერ მიიღებდა. მმართველ პარტიაში 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG