Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილსა და შავდათუაშვილს ოლიმპიური თამაშები დაატოვებინეს COVID-19-ის პროტოკოლის დარღვევისთვის


ორ ქართველ ძიუდოისტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დაატოვებინეს ოლიმპიური სოფლის ტერიტორიიდან გასვლისთვის. ამის შესახებ იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ განაცხადა 31 ივლისს.

სააგენტოს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, რაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 23 ივლისს დაიწყო, აკრედიტაცია მოუხსნეს მონაწილეებს.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, საქმე ეხება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსნებს, 27 წლის ვაჟა მარგველაშვილსა და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილს. მისი თქმით, სპორტსმენებმა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია დატოვეს და მიდიოდნენ იაპონიაში მცხოვრები მეგობრის შესახვედრად.

„როცა ისინი ოლიმპიური სოფლის გარეთ გავიდნენ, გასასვლელში ისინი არავის გაუჩერებია. ამიტომ მათ იფიქრეს, რომ გარეთ გასვლა შეეძლოთ“, განუცხადა 31 ივლისს AFP-ს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 29 ივლისს განაცხადეს, რომ დარღვევისთვის ზომებს იღებენ ოლიმპიური თამაშების მინიმუმ ერთი მონაწილის წინააღმდეგ, მაგრამ ინციდენტთან დაკავშირებული პირების ვინაობა არ დაუსახელებიათ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მასანორი ტაკაიამ 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმე ეხება COVID-19-ის პროტოკოლის „უხეშ დარღვევას“ და რომ დამრღვევებს აღარ ექნებათ ოლიმპიურ ობიექტებზე შესვლის უფლება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარგველაშვილსა და შავდათუაშვილს 29 ივლისს შეუჩერეს აკრედიტაცია და ისინი საქართველოში გაემგზავრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG