Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: „სანქციებზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ამოიწურება შეთანხმების შესრულების ყველა შანსი“


საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა იმედგაცრუება უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

„თითოეული განცხადება, რომელიც საქართველის მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება, განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე და აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, რაც არჩევნების უკეთ ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

„როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს. ამისათვის აუცილებელია, რომ სათანადო ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდოთ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებს. ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რა არის ახალი ამ რეფორმაში, რათა საარჩევნო პროცესის მიმართ მათი ნდობა გაიზარდოს. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს იმის განცდა ჰქონდეთ, რომ მათი არჩეული პირები იქნებიან წარმოდგენილი“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა, რომლის თქმითაც, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

„ბოლო პერიოდში ვიხილეთ მედიაზე თავდასხმები და დაშინების მცდელობები. გარდა იმისა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ქმედებები, ის აგრეთვე წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი საქმის შესრულება შეძლონ. მედიამ ინფორმაციის მოძიება, მოსახლეობის ინფორმირება, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. მედიის წარმომადგენლებს ამის გაკეთება დაშინების და ყოველგვარი საფრთხის განცდის გარეშე უნდა შეეძლოთ. მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე და ამას ექნება შედეგები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სიტყვიერი თავდასხმა, ბულინგი თუ სხვა ტიპის რაიმე შეზღუდვა. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოების სწორად ინფორმირება შეძლონ, ეს უნდა იყოს მიუღებელი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG