Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში იზრდება ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


თურქეთში 8-მდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

თურქეთის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინციები ტყის ხანძრებმა გასული ოთხშაბათიდან მოიცვა და დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ხანძრის გამო ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ევაკუირებულია ასეულობით ტურისტი.

სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით დღეს დილით წერს, რომ 32 ქალაქში ხანძრის 126 კერიდან 119 ლოკალიზებულია.

ევროკავშირის მიერ 1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთის დასახმარებლად გაიგზავნა ორი სპეციალური თვითმფრინავი. თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებიან აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა და რუსეთი. სტიქიას 2000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ოპერაციაში ჩართულია 30-მდე ვერტმფრენი.

თურქეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ხანძრები განზრახ გააჩინეს. პრეზიდენტმა ერდოანმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG