Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლეოსანი, რომელსაც მინსკში ძალით დაბრუნებას უპირებდნენ, უსაფრთხოდაა


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბელარუსის ეროვნულ კომიტეტს მოსთხოვა ამომწურავი განმარტება მძლეოსან კრისტინა ციმანოუსკაიას გამო, რომელმაც განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება ცდილობდა ტოკიოდან მინსკში მის იძულებით დაბრუნებას.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენის საქმეში იაპონიის პოლიციის გარდა ჩაერთო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი. ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, მისი წარმომადგენლები პირადად ესაუბრნენ კრისტინა ციმანოუსკაიას, რომელიც ტოკიოს აეროპორტში იმყოფება, იაპონიის ხელისუფლების დაცვის ქვეშ. სპორტსმენი ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კრისტინა ციმანოუსკაიამ, რომელსაც ბელარუსში დაბრუნებას უპირებდნენ, ტოკიოს აეროპორტში დახმარება ითხოვა და განაცხადა, რომ თვითმფრინავში მისი ნების საწინააღმდეგოდ აჰყავთ.

ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სამშობლოში სპორტსმენის დაბრუნების გადაწყვეტილება მის „ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“ დაუკავშირა. ინციდენტამდე ციმანოუსკაიამ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა მწვრთნელები და სპორტის ჩინოვნიკები.

მძლეოსანი ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს. მას ვიზა უკვე შესთავაზა ჩეხეთის მთავრობამ.

XS
SM
MD
LG