უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროზე ადრე დატოვებს ციხეს ინგა კაპანაძე, რომელიც სასჯელს შვილებზე ძალადობის ბრალდებით იხდის. თავად ინგა კაპანაძეს დანაშაული არასდროს უღიარებია და დღემდე თავს მეუღლის მაქინაციების მსხვერპლად მიიჩნევს. პატიმარი დარჩენილ სასჯელს ელექტრონული სამაჯურით, სახლში მოიხდის.
ინგა კაპანაძის ადვოკატი ელისო რუხაძე, ამბობს, რომ ქმარი ინგაზე დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდა. 2018 წლის 10 მაისს, მორიგი ძალადობის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა პოლიცაში დაერეკა და დახმარება ეთხოვა. მისი ორი შვილი მაშინ 7 და 10 წლისები იყვნენ.
„ინგამ 112-ში დარეკა და პოლიციას უთხრა, ჩემი ქმარი ნარკოტიკების მომხმარებელია და ჩემზე ძალადობსო. საპატრულო პოლიციამ სადღობელაშვილი [ინგას მეუღლე] შემოწმებაზე წაიყვანა. მას დაუდასტურდა, რომ, მართლაც, ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული. სახლში დაბრუნებულმა კარი გადაკეტა და ინგას ძალიან მაგრად სცემა. ბავშვები ჰყვებიან, ყელში ხელი წაუჭირა და არაყი ჩაასხა პირშიო. ბავშვს დახეული მაისური ჩააცვა (ვითომ დედამ შემოახია). ამის შემდეგ თვითონ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისმა ლოთმა ცოლმა ბავშვებს სცემა. სადღობელაშვილი ორჯერ ნასამართლევია და იცოდა, სამხილები როგორ შეექმნა“, - ჰყვება ელისო რუხაძე.
ინგა კაპანაძე იმ დღესვე დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2 წლის შემდეგ საქალაქო სასამართლოში ბავშვებმა განაცხადეს, რომ დედის წინააღმდეგ ჩვენება მამის კარნახით და მუქარით მისცეს.
ნიკოლოზ სადღობელაშვილს შარშან, 2020 წელს სასამართლომ ცოლზე ძალადობა დაუმტკიცა და წელიწადი და ოთხი თვე პატიმრობა მიუსაჯა. ბავშვები, რომელთა დედ-მამა ციხეში აღმოჩნდა, მინდობით აღსაზრდელად გადაიყვანეს.
2020 წლის ბოლოს ბავშვების მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე აღიძრა კიდევ ერთი საქმე: მამის მხრიდან შვილებზე დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულება - სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლი.
მას შემდეგ, რაც სასჯელის დიდი ნაწილი მოიხადა, ინგა კაპანაძე ითხოვდა ვადაზე ადრე ელექტრონული სამაჯურით გაეთავისუფლებინათ. ქალს საბჭომ, რომელიც მსჯავრდებულთა საქმეების განიხილავს, ამ თხოვნაზე უარი უთხრა. „საფარმა“, როგორც ინგა კაპანაძის ინტერესების დამცავმა ორგანიზაციამ, ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩვრა. საქმე მივიდა უზენაეს სასამართლომდე, რომლის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, ინგა კაპანაძეს ახლა უკვე შეუძლია დარჩენილი თვეები სახლში შვილებთან ერთად მოიხადოს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ფსიქოლოგთან ერთად თავად მივიდა სახლში ბავშვებთან და შეკითხვები დაუსვა. მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ ბავშვების ინტერესები გაითვალისწინა“, - ამბობს ადვიკატი ელისო რუხაძე.
მისივე თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ინგა კაპანაძე უდანაშაულოა. ორგანიზაცია „საფარი“ ამ საქმის გასაჩივრებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც აპირებს.