Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების შესახებ მედიით შევიტყვეთ


მარიანა ჩოლოიანი
მარიანა ჩოლოიანი

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლების ფაქტის შეფასებისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ საქმეზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ორგანოს, განმარტებით მარიანა ჩოლოიანის საქმე იყო ერთ-ერთი რეზონანსული და პრეცედენტული საქმე, რომელზეც სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამგვარი კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის პრევენციასა და სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ამაღლების პროცესში“, - ამბობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სამსახური საგანგებოდ აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ მარიანა ჩოლოიანის ვადამდელი გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ცნობილი მედიის საშუალებით გახდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორჯერვე მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.

ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს. გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს), გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მარიანა ჩოლოიანს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. საიას ცნობით, მორიგი სხდომა სასამართლოში 9 აგვისტოს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG