Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვის მცდელობა უწოდეს რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. ახალი რეალობის და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვის მცდელობად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას.

5 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკენტოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი „დამნაშავე რეჟიმსა“ და ქართველ ხალხს შორის და მზად არის ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ბიკენტოვმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველი პარტნიორები დაიწყებენ მეზობლებთან ურთიერთობების აშენებას ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“. ბიკენტოვის თანახმად, ეს ეხება „თბილისის საგარეო კურატორებსაც“, რომლებმაც „რეალობისგან მოწყვეტილი თეზისების დაშტამპვის ნაცვლად, თბილისს სტიმული უნდა მისცენ სოხუმსა და ცხინვალთან თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის“. ბიკენტოვმა დასავლეთის ქვეყნებს ურჩია, უარი თქვან „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში რეინტეგრაციის უპერსპექტივო ხაზზე“.

ბიკენტოვის განცხადებების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 6 აგვისტოს გამოქვეყნებული კომენტარით, რუსეთს შეახსენებენ, რომ „არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ. წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის განხორციელებაზე და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დგას, დღეს არავინ შეეგუება რუსეთის მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მორყევასა და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ თუ რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა.

XS
SM
MD
LG