Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ხელთ იგდეს ავღანეთის პროვინცია ნიმროზის დედაქალაქი. მოკლეს ქაბულის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი


თალიბებმა მასშტაბური იერიშების განმავლობაში პირველად, 6 აგვისტოს, ხელთ იგდეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი ზარანჯი. ამის შესახებ ცნობა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს პროვინციის საბჭოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. სხვა ანონიმური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ ქალაქი, რომელშიც 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ექსტრემისტებს უბრძოლველად ჩაბარდა.

ზარანჯის აღების გარდა, თალიბებმა ქაბულში მდებარე ავღანეთის მთავრობის საინფორმაციო და მედიაცენტრის დირექტორის, 40 წლის დავა ხანის მოკვლაზეც აიღეს პასუხისმგებლობა.

მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმების გარდა თალიბანი აგრძელებს მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებს რამდენიმე ქალაქის, მათ შორის ჰაერათის გარშემო, ასევე პროვიციებში ყანდაარსა და ლაშქარ გაჰში.


ავღანეთში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, დებორა ლიონსის თანახმად, ბოლო თვის განმავლობაში თალიბების იერიშს ავღანეთში 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ავღანეთში შექმნილი ვითარების გარშემო ესტონეთისა და ნორვეგიის თხოვნით 6 აგვისტოს მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დებორა ლიონსმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოლიტიური მოწესრიგების თაობაზე თალიბანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ერთგულება და დასძინა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ომი „ყველაზე გამანადგურებელ და დესტრუქციულ ფაზაში“ შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG