Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი და ბჟანია ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ


საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია 8 აგვისტოს იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლ, ქსნის ერისთავების ციხე-დარბაზში, რომელიც ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მდებარეობს.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, „სტუმრებს სასახლეში ექსკურსია ჩაუტარეს და უამბეს ქსნის ერისთავების ცხოვრების და სასახლის მშენებლობის ისტორიის შესახებ“. ამავე სააგენტოს თანახმად, ასლან ბჟანიაზე „დიდი შთაბეჭდილება დატოვა სამუზეუმო კომპლექსის სილამაზემ და თვითმყოფადობამ“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქსნის ერისთავების ისტორიულ სასახლეს, რომელიც XVII საუკუნეშია აშენებული, ცოტა ხნის წინ მიანიჭა „ისტორიული მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის სტატუსი“. დე ფაქტო კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა ივნისში აცხადებდა, რომ „მუზეუმი წარმოადგენს განსაკუთრებულ ფასეულობას, იქ ინახება ოსების ისტორიის შუა საუკუნეების მასალები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს“.

დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობის აქტიური მოწინააღმდეგეები, ახალგორის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, ისტორიკოსი ვლადიმერ ღუნაშვილი და სხვა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა და მათ წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს მიმართავდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 6 აგვისტოს ჩავიდა, როგორც მისი პრესსამსახური იუწყებოდა, „2008 წლის აგვისტოს მოვლენების მე-13 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა“ და „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვთან მოლაპარაკების მიზნით. ბჟანიამ ე.წ. ოფიციალური ვიზიტი დღეს, 9 აგვისტოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG