Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა მინისტრი: Fitch-ის რეიტინგი აისახება ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზე


ამერიკულმა სარეიტინგო კორპორაცია Fitch-მა საქართველოს მიანიჭა სუვერენული რეიტინგი BB და პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუუმჯობესა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის თქმით, Fitch-მა საქართველოს დაუბრუნა პანდემიის დაწყებამდე არსებული შეფასება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს და გაუმჯობესების პერსპექტივა ჩანს.

ხუციშვილის თანახმად, სარეიტინგო კომპანია პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითად მიზეზებად ასახელებს მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, Fitch-ის შეფასებით, წელს იქნება 7.8% და წინა შეფასებას ორჯერ აღემატება, ასევე, პანდემიის პერიოდში ძლიერ და მყარ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და საქართველოს მიმართ ძლიერ საერთაშორისო, ფინანსურ მხარდაჭერას.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება იმ ფონზე, როცა ქვეყნების უმეტესობის საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა არ გაუმჯობესებულა, მიუთითებს, რომ საქართველო სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს პერსპექტივის გაუმჯობესება აისახება ინვესტიციების მოზიდვასა და ვალუტის კურსზე.

2020 წლის აპრილიდან დღემდე, საქართველოს Fitch-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა შემცირებული სუვერენული რეიტინგი BB-.

Fitch-ი, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების "დიდ სამეულში" შედის, მსოფლიოს საკრედიტო ბაზრებს აწვდის ქვეყნების კრედიტუნარიანობის პერსპექტივაზე ორიენტირებულ დამოუკიდებელ შეფასებებს და ანალიტიკურ კვლევებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG