Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე და გაბუნია პრემიერ-მინისტრის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე დასწრების ფაქტის შეფასებაზე უარს ამბობენ


ამირან გამყრელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, თამარ გაბუნია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან კომენტარში უარი განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხალხმრავალ სუფრაზე ყოფნის ფაქტის შეფასებისგან. „მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“, - უთხრა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო პრემიერის ქმედება. „ამასთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თვითონ გააკეთა განცხადება. მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“, - გაუმეორა მან მედიის წარმომადგენლებს.

ამავე კითხვაზე პასუხის დროს, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ არ აპირებს ამ საკითხზე თავისი სუბიექტური აზრის გამოხატვას:

„ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თავად გააკეთა კომენტარი. ეხლა მე ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ. პასუხი ცნობილია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. კითხვაზე კი, რამდენად მიზანშეწონილია პრემიერის ხალხმრავალ ადგილზე ყოფნა, მან თქვა, რომ ხალხმრავლობა ზოგადად მისაღები არ არის:

„ხალხმრავლობა და ზოგადად ასეთი ტიპის ღონისძიებები, ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააჟღერა, რომ არის გარკვეულწილად სარისკო და ეს ამბავი ყველამ ვიცით. თუმცა არსებობს გარკვეული გარემოებები იმისთვის, რომ წესების დაცვით რაღაცა მსგავსი... თუმცა ხალხმრავლობა არც ერთ შემთხვევაში ჩვენთვის მისაღები არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, პრემიერი ღარიბაშვილი 7 აგვისტოს ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ოჯახის ხალხმრავალ წვეულებაზე, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და მწვავე რეაქციები გამოიწვია.

7 აგვისტოს გრძელ სუფრებთან შეკრებილ ადამიანებს არც პირბადეები ეკეთათ და არც უსაფრთხოებისთვის დაწესებულ დისტანციას იცავდნენ.

„მერე რა? - ასე უპასუხა 8 აგვისტოს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ქეიფი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 აგვისტოს საქართველოს მოსახლეობას და მთავრობის წევრებს კოვიდრეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ზღვარზე დგას. მან თქვა, რომ რეკომენდაციები მხოლოდ რეკომენდაციებისთვის არ არსებობს და მათი შესრულებაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG