Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ალექსანდრე ონიანს


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში, რუსულ ჯართან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოაქვეყნა შინდისის ბრძოლიდან მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილი განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას:

„2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს. სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს.“.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების გამო, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს, ამიტომ, შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG