Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელი ამბობს რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ რადგან მისი სიძე კახა საბანაძის მეგობარია


თამაზ ჯოხაძე
თამაზ ჯოხაძე

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე LIVE- ვიდეოში დაასახელა ადამიანები, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან წასვლა მოსთხოვეს.

„ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს, რატომ უნდა წავიდე? არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას? რა დგას? არ გეკითხებიან - რამდენი შვილი გყავს? ოჯახში რამდენი წევრი გყავს? რამდენ ადამიანს ინახავ? რამდენ ადამიანს არჩენ? ამათთვის სულ ერთია. დაწერე პატაკი, რომ ოჯახური პირობების გამო მიდიხარო. სამი შვილი მყავს, ესენი შემინახავენ ოჯახს?!" - თქვა თამაზ ჯოხაძემ. ის ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი სიძე, გიორგი მეზვრიშვილია, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი.

„ახლა უნდათ, მეც იმის გამო გამიშვან, რომ გიორგი მეზვრიშვილი ჩემი სიძეა", - ამბობს თამაზ ჯოხაძე.

პოლიციელის საკითხს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

განცხადების თანახმად, პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG