Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 20 პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.

ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი.

იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის - რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი“, - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს თანახმად, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG