Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 და ორსულობა - რისკი იმატებს, აცრა იცავს


დღეის მონაცემებით მიიჩნევა, რომ ორსული ქალები, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, მაღალი რისკის ქვეშ არ იმყოფებიან. თუმცა, რისკი მაინც არის - ვრცელდება ცნობები ნაყოფის დაკარგვაზე, ორსულის გარდაცვალებაზე ან ისტორიები მძიმედ ჩავლილ დაავადებაზე. 11 აგვისტოს ამერიკის CDC-მ ოფიციალურად მოუწოდა ორსულებს, სასწრაფოდ აცრილიყვნენ და ამით თავი დაეცვათ გავრცელებული დელტა ვარიანტისგან.

ორსულები სხვებზე მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, თუმცა...

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ორსულებს კორონავირუსით ინფიცირების ისეთივე შანსი აქვთ, როგორც სხვა ჯანმრთელ მოზრდილებს. ამ კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულთა ორ მესამედს დაავადების სიმპტომები საერთოდ არ გამოუვლენიათ, დანარჩენების უმეტესობასაც მხოლოდ მსუბუქი, გაციების მსგავსი სიმპტომები ჰქონდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაშიც ნათქვამია, რომ ორსულები არ იმყოფებიან განსაკუთრებულად მაღალი რისკის ქვეშ, თუმცა ისინი ზოგადად უფრო მოწყვლადები არიან რესპირატორული ინფექციების მიმართ და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

არსებობს შანსი, რომ დაავადებამ მძიმედ ჩაიაროს და ეს შანსი ორსულებს შორის მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯანმრთელ მოზარდებში. აშშ-ის მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 9 აგვისტომდე სულ 105 645 ორსული დაინფიცირდა COVID-19-ით. აქედან ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდა 18 006 შემთხვევაში. 124 ადამიანი გარდაიცვალა.

დელტა ვარიანტი რისკს ბევრად ზრდის

გართულებების რისკი მატულობს მესამე ტრიმესტრში, ისევე, როგორც ეს სხვა დაავადებების - გრიპის და ე.წ. გაციების დროს ხდება ხოლმე.

მომატებულ საფრთხეს ქმნის კორონავირუსის დელტა ვარიანტიც, რომელიც უფრო გადამდებია და, შესაძლოა, უფრო მძიმე დაავადებასაც იწვევდეს. გასულ კვირას, აშშ-ის მისურის შტატის სენ ლუისის საავადმყოფოში ორსულთა 20 პროცენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მათი მესამედი მძიმედ იყო ავად. შარშან, როდესაც მისურის შტატში კორონავირუსის გავრცელების პირველი პიკი დაფიქსირდა, ამავე საავადმყოფოში ეს რიცხვი ორჯერ ნაკლები იყო.

პანდემიას ორსულებზე გაზრდილი ფსიქოლოგიური ზეგავლენა აქვს

ორსულობა ისედაც სტრესული პერიოდია, მსოფლიოში შექმნილი ვითარება კი გაურკვევლობას და შფოთს კიდევ უფრო ამძაფრებს. არაერთი კვლევის თანახმად, პანდემიის დროს ორსულებში ერთიორად მატულობს დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის განვითარების საფრთხე.

აცრა უსაფრთხო და ეფექტიანია

თავდაპირველად არ არსებობდა მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებზე, რადგან თავდაპირველ კვლევებში ორსულები და მეძუძური დედები არ ჩაურთავთ.

თუმცა, ახალი კვლევები დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს. აშშ-ში აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები ორსულებსაც იცავს და, შესაძლოა, ნაყოფსაც დაეხმაროს.

11 აგვისტოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ოფიციალურად მოუწოდა ყველა ორსულს, სასწრაფოდ აცრილიყვნენ. „ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია. ახლა აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის სასწრაფოდ გაზრდა, რადგან ჩვენ გვიპირისპირდება უფრო გადამდები დელტა ვარიანტი“, - თქვა ამ ორგანიზაციის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG