Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ТАСС-ის თანახმად, კრემლში „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას დადებითად შეხვდნენ


ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი.
ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი. ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი.

რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მოწოდებას ამ ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი. სააგენტოს თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია მათ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ღია წერილის კომენტირებისას კრემლის პრესსამსახურისგან მიიღეს.

„ჩვენ ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან და მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა კონსტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოსთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვყოფილვართ ამ ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები“, - ТАСС-ის თანახმად, ასე აღნიშნეს კრემლის პრესსამსახურში.

სააგენტოს ცნობით, კრემლმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას უწოდა აშკარა დადასტურება იმისა, რომ რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ გონიერი ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური კავშირების აღდგენას. ამავე ინფორმაციით, კრემლის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსულ-ქართული დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კარასინ-აბაშიძის არაფორმალური ორმხრივი დიალოგის ფორმატში, „რომლის წყალობითაც სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული შედეგებია მიღწეული“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 2 აგვისტოს მიმართა. პარტიის გენერალური მდივანმა ირმა ინაშვილმა წერილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ღია წერილში პარტიამ ვლადიმირ პუტინს დაძაბულობის განმუხტვის, ორ ქვეყანას შორის ყველა დონეზე დიალოგის, ქვეყნებს შორის კულტურულ-სოციალური ურთიერთობების აღდგენისა და საერთო ენის გამოსანახად საინფორმაციო სივრცის გახსნისთვის მიმართა. ღია წერილს ხელს 42 ადამიანი აწერდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა. „პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მოწინააღმდეგე იმ ძალებს შორის, რომლებიც პერიოდულად აუდიენციას რუსეთის დედაქალაქში, რუს პოლიტიკოსებთანაც მართავენ.

XS
SM
MD
LG