Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფ სერგეი ფურგალის შვილს რუსეთის დუმის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს


ანტონ ფურგალი
ანტონ ფურგალი

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქის საარჩევნო კომისიამ სახელმწიფო დუმის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა პატიმრობაში მყოფი ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის შვილს, ანტონ ფურგალს.

საოლქო კომისიის ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 5402 მხარდამჭერის ხელმოწერის შემოწმების შემდეგ კომისიამ შეცდომების გამო გააუქმა 2609 მხარდამჭერის ხელმოწერა, რაც საჭირო რაოდენობის 48%-ს შეადგენს, მაშინ როცა ცდომილების ზღვარი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მთლიანობაში ანტონ ფურგალმა კომისიაში ჩააბარა 15,8 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა, რაც სავსებით საკმარისია კანდიდატის რეგისტრაციისათვის.
მაგრამ კომისიის მდივნის, ოიარს მაშკოვის თქმით, ანტონ ფურგალის მხარდამჭერთა სიაში მრავალ ადგილას გამორჩენილი იყო სახელები და გვარები, ცარიელი იყო თარიღის გრაფა, ხოლო ფურგალის მიერ კომისიაში ჩაბარებულ ორ ფურცელზე სხვა კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერები აღმოჩნდა.

თავად ანტონ ფურგალი ამტკიცებს, რომ ნამდვილი მიზეზით უქმად ცნეს 255 ხელმოწერა, დანარჩენი კი გამოგონილი მიზეზის გამო გააუქმეს.


29 წლის ანტონ ფურგალი, ყოფილი გუბერნატორის უფროსი შვილი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატილი პარტიის წევრი იყო. მაგრამ მამის დაპატიმრების შემდეგ, აპრილის თვეში, მან დატოვა პარტია და განაცხადა, რომ დუმის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას.

ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფურგალი, რომელმაც არჩევნებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაამარცხა, 2020 წლის ივლისში დააპატიმრეს. მას ბრალად ედება 2004-2005 წლებში რამდენიმე მეწარმის მკვლელობის ორგანიზება.

სერგეი ფურგალის დაპატიმრებას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები. გუბერნატორის მხარდამჭერი მოქალაქეები მოითხოვდნენ სამართლიან გამოძიებას და პასუხს შეკითხვაზე, თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, რატომ გაახსენდათ ეს 15 წლის შემდეგ. ფურგალის მომხრეები ასევე მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესი გამართულიყო არა მოსკოვში, არამედ ხაბაროვსკში და საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. მოთხოვნებს შორის იყო პრეზიდენტ პუტინის გადადგომაც. რუსეთის ხელისუფლებამ ფურგალის მომხრეთა აქციები არაერთხელ დაარბია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG