Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო აფხაზეთში ტურების გამო კომპანია „კულუარისთვის“ ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს


"კულუარის" ლაშქრობა აფხაზეთში
"კულუარის" ლაშქრობა აფხაზეთში

უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტო „რუსი სამხედრო იტერესების მომსახურებად“ მიიჩნევს „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში“ ტურების ორგანიზებას კომპანია „კულუარის“ მიერ, რომლის მოქმედებაში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ნიშნებს ხედავს. უკრაინის ტურიზმის სააგენტო აცხადებს, რომ სურს მიაღწიოს „კულუარის“ ლიცენზიის ანულირებას, ხოლო უკრაინის უშიშრების სამმსახურს მიმართავს თხოვნით, შეისწავლოს ზემოხსენებული კომპანიის საქმიანობა.

„უკრაინა მტკიცედ ემხრობა და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ მის საზღვრებში და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინაში ისეთი კომპანიის არსებობას, რომელიც უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი რუსული სამხედრო აგრესიის პირობებში, ისეთ საქმიანობას ეწევა, რაც აგრესორის მხარადჭერის ან მასთან თანამშრომლობისკენ არის მიმართული“, - ნათქვამია უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელწიფო სააგენტოს განცხადებაში.

მანამდე საქართველოს საელჩომ უკრაინაში ოფიციალურად მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტურსააგენტო „კულუარის“ თაობაზე და დაუშვებლი უწოდა უკრაინული კომპანიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის მთებში ტურისტული ლაშქრობების მოწყობას.

10 აგვისტოს უკრაინელმა ბლოგერმა და მოგზაურმა, ვალერი მარკუსმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურისტული კომპანია „კულუარი ლაშქრობა“ აწყობს სამთო ტურებს რუსეთში და ასევე საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონში, ინტერნეტში სააგენტოს საიტიდან აღებული შესაბამისი ფოტომასალაც განათავსა.

პასუხად ხსენებულმა ტურისტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ არ ახდენს ტურების ორგანიზებას აფხაზეთში, არამედ მხოლოდ კონსულტაციას უწევს ტურისტებს შესაბამისი მარშრუტისა და აღჭურვილობის შესარჩევის მიზნით.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმართვის პასუხად რადიო თავსუფლებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ „აღნიშნული საკითხით უკვე დაკავებულია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები, კერძოდ სამართალდამცველი სტრუქტურები, რათა გაირკვეს ყველა გარემოება და დადგეს შესაძლო სამართლებრივი შედეგები.“

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG