Accessibility links

site logo site logo

რამდენად შორია აცრამდე მისასვლელი გზა


საქართველოში დღეიდან იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი) ვაქცინაციის მსურველებისთვის სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნა.

იმის გამო, რომ მოძრაობის მარშრუტი საზოგადოებისთვის წინასწარ არავის წარუდგენია, ბევრისთვის ჯერ ისევ უცნობია, როგორ მიაღწიოს ამცრელ პუნქტამდე. ასევე უცნობია აცრის მსურველების ბედი იმ რეგიონებში, სადაც სპეციალური ტრანსპორტი არ ივლის.

იმისათვის, რომ ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი იყოს, ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა მზად არის, მიიყვანოს ამცრელ დაწესებულებამდე ნებისმიერი მსურველი, იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივას სხვებიც გაიზიარებენ.

აუცრელობის პრობლემა არახალია სოფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ამცრელი პუნქტებიც გახსნილია და მსურველებიც არიან, მოქალაქეები ვერ იცრებიან, ან იცრება ის, ვისაც ფული აქვს და ვაქცინაცია ძალიან უნდა.

„ჩემს დას სთხოვენ სოფელში დარეგისტრირებაში დახმარებას და მხოლოდ საჩხერესა და ზუგდიდს სთავაზობს, რომელიც იმდენად შორია ჩვენგან, [სოფლის მაცხოვრებლებს] იმის სახსრებიც არ გააჩნიათ, იქამდე ჩავიდნენ. გგონიათ, მართლა ყველა ანტივაქსერია? საშუალება არ არსებობს, რომ აიცრან, თორემ არ არის ყველა დებილი და მხოლოდ ჩვენ, აცრილები, კაი ტიპები“, - წერს სოციალურ ქსელში სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ფეისბუკმომხმარებელი ხატია კირთაძე.

ის იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დასასვენებლად ჩავიდა, რამდენიმე ახლობელი დაარეგისტრირა კიდეც. აცრის მსურველები სხვებიც არიან, თუმცა, როგორც ხატია ამბობს, იმდენად შორია აცრამდე მისასვლელი გზა, იმხელა ხარჯების გაწევა უხდებათ ამისთვის, რომ ბევრს წასვლის სურვილიც უქრება. „მამაჩემი საკუთარი სახსრებით წავიდა საჩხერეში [150 კმ], მისი მეგობარი კი სამტრედიაში [45 კმ] წაიყვანა, იქ ვიპოვეთ თავისუფალი ადგილი ფაიზერზე“. გამოდის, რომ თუ ვაქცინა ადგილზე არ დახვდათ, უფრო დიდი მანძილის გავლა მოუწევთ, რაც კიდევ უფრო მეტ ფინანსებს მოითხოვს.

რამდენიმე დღეა ამცრელ პუნქტებს ხონიც დაემატა, თუმცა, ხატიას თქმით, ამ სოფლისთვის ესეც შორია, დაახლოებით 25 კილომეტრი. „მიტოვებულია სოფლის მოსახლეობა სრულიად. აცრის პროპაგანდა ხომ საერთოდ არ არსებობს. ვისაც სურვილი აქვს, წვალებისა და ხარჯის გაწევის შემთხვევაში აიცრება“.

რეგისტრაცია პრობლემური არა მხოლოდ სოფელ გორდის მცხოვრებლებისთვის არის.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 54%-მა, არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის პლატფორმაზე, 42% კი ამბობს, რომ ზოგადად არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესის შესახებ.

იმისათვის, რომ მის გარშემო უფრო მეტი ადამიანი იყოს ვაქცინირებული და ინფორმირებული, მარტვილში მცხოვრებმა ქეთო ნინიძემ მოხალისეობრივად გადაწყვიტა დახმარებოდა ნებისმიერ მსურველს რეგისტრაციის გავლაში და უკვე დაარეგისტრირა კიდეც რამდენიმე ადამიანი.

„მეგონა, თითქოს რეგისტრაცია არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, თითქოს ყველას ჰყავს ახლობელი, ან ახალგაზრდა ოჯახში ვინც დაარეგისტრირებდა, მაგრამ არა. მზად ვარ მანქანითაც მოვემსახურო, ვისაც სურვილი აქვს და ამცრელ პუნქტამდე ვერ მიდის, თუკი რამე ინფორმაცია დასჭირდებათ ვაქცინაციაზე, ყველაფერს ავუხსნი“.

ქეთოს თქმით, პრობლემის მიზეზი არაინფორმირებული მოსახლეობის გარდა თავად ექიმებიც არიან, რომლებიც არ ენდობიან COVID-19 ის ვაქცინას, ერიდებიან მოსახლეობის აცრას და უარით ისტუმრებენ მათ.

„ჩემი მეუღლის თანამშრომელს, დამატებითი კითხვების გარეშე, მაშინვე უარი უთხრეს, როგორც კი თქვა, რომ ალერგიულია, ჩემს თანამშრომელსაც „არ ურჩია“ თავისმა ექიმმა, არის შემთხვევები - "პასუხს მერე მე ვერ ვაგებ", "50-50 %-ზეა [გართულებების] შანსები" და ასეთი ტექსტები“. ასე რომ არ ხდებოდეს, წესით, ჯანდაცვის სამინისტრო ტრენინგს ატარებს და ვაქცინაციის შემდგომი გართულებების მართვის შესახებ ინფორმაციას აწვდის სამედიცინო პერსონალს.

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, საქართველოში 1200 ექიმია უკვე დატრენინგებული. ექიმამდე არ მისულა 71 წლის ნათელა მახაროპულო, რომელიც იმერეთში, სოფელ წიფაში ცხოვრობს და აცრას არ აპირებს - მოძღვარმა ვერაფერი უთხრა ვაქცინაციის სასარგებლოდ და მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი აქვს, უარს ამბობს ვაქცინაციაზე. რომც მოინდომოს, მაინც ვერ წავა. ასაცრელად ხარაგაულში თუ ჩავიდა, დილით გასული მატარებელი, მხოლოდ გვიან საღამოს ბრუნდება.

„რომც ჩავიდე, რა ვაკეთო მთელი დღე ხარაგაულში? სამარშრუტო ტაქსი კვირაში სამჯერ კონკრეტულ დროს გადის, იმდენი ხალხია შიგნით, კორონას მანდ ავიკიდებ. ამიტომ ვარ ლოცვაში და ღმერთის ანაბარა, არავინ კითხულობს ჩვენს ამბავს“. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, ვაქცინაციის თემაზე სასაუბროდ არც არავინ მისულა, არც გამგებელი კითხულობს მათ ამბავს და ისევ თავის თავის იმედად თუ იქნება...

კორონავირუსით რომ არ დაინფიცირდეს, 80 წელს გადაცილებული დედა იანა ლაჩაშვილმა თავისთან, რუსთავში ჩამოიყვანა და აცრა. სოფელ იყალთოდან თელავამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იქაც არ არის უსაფრთხო.

„მოგეხსენებათ, პირბადით დიდად არავინ დადის, განსაკუთრებით სოფლებში. თელავში რომც ჩავიდეს, ამცრელ პუნქტამდე ფეხით მაინც ვერ მივა და მეორე ტრანსპორტი ან ტაქსი სჭირდება. გვერდითი მოვლენების შემთხვევაშიც რომ დავხმარებოდი, ვარჩიე, აქეთ ჩამომეყვანა, პირველი დოზის შემდეგ მშვენივრად გრძნობდა თავს და რამდენიმე დღეში მეორე დოზასაც გავუკეთებ“, - ამბობს იანა ლაჩაშვილი.

მთლიანად გურიაში არსებულ სიტუაციასა და სოფლის ექიმების პრობლემებზე რადიო თავისუფლებამ ფილმიც მოამზადა - „სოფლის ექიმი“.

± 21: სოფლის ექიმი
please wait

No media source currently available

0:00 0:35:01 0:00

რეგიონში მყოფ სოფლის ექიმებს არც საკმარისი სივრცე აქვთ იმუნიზაციისთვის და არც ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა, რომ პანდემიის პერიოდში სიახლეებს ადევნონ თვალი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას. „რეგისტრაციის მსურველებს ექიმები ეხმარებიან, ვაქცინაციის პროპაგანდასაც თავადვე ეწევიან, მაგრამ ძალიან ცუდი ინტერნეტი აქვთ და სრულად ინფორმაციას ვერ იღებენ. ბევრგან ამბულატორიებში არ აქვთ სივრცე იმუნიზაციისთვის, ბავშვების ასაცრელად მისული ოჯახები და კოვიდის ტესტის გასაკეთებლად მისულები ერთ სივრცეში ირევიან და დიდი რისკია დაინფიცირების“.

პაატა იმნაძის თქმით, დღეს „საქართველოში 5 ჯერ მეტად რთული ვითარებაა, ვიდრე ინდოეთში იყო“.

ამ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ვაქცინაციის როლიც, რომელიც ბევრისთვის მიუღწეველია. ამირან გამყრელიძემ მედიასთან ისაუბრა ვაქცინების მისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ აცრის მსურველებისთვის რეგიონებში გაიხსნა იმუნიზაციის შტაბები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ადგილობრივი მერიები, ისინი უზრუნველყოფენ, რომ დატრენინგებული სოფლის ექიმების ჯგუფები მივიდნენ ადგილზე და აცრან მსურველები.

რადიო თავისუფლება ესაუბრა დედოფლისწყაროს მერის მოადგილეს მალხაზ მერაბიშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ უკვე მობილური ამბულატორიის გამოძახებით 50 ადამიანი აიცრა სამთაწყაროსა და ფიროსმანში.

„ეს ერთჯერადი აქცია არ არის, პირველ ეტაპზე დავიწყეთ საზღვრისპირა რეგიონებით. მუნიციპალიტეტი მსურველებს აგროვებს და 50-მდე ადამიანის შეგროვების შემდეგ ამცრელ ბრიგადას იმუნიზაციის შტაბი იძახებს. დიდი პრობლემაა ანტივაქსერული განწყობები, მაგრამ როდესაც აიცრნენ და თავისი თვალით ნახეს, რომ 5G არავინ დაიჭირა და ლურსმნები არავინ მიიკრა, პოზიტიურად აისახა მომართვიანობაზეც და სხვებიც, ვისაც თავისი ტრანსპორტი ჰყავთ, მიდიან და ადგილზევე არეგისტრირებენ და იცრებიან“, - განმარტავს მერაბიშვილი.

მერის მოადგილე ამბობს, რომ თუკი აცრის მსურველი 10-15 ადამიანი შეგროვდება, მაშინ მუნიციპალიტეტის მანქანა ჩავა სოფლებში და მიიყვანს ამცრელ პუნქტამდე მათ. ამისთვის, მსურველები სოფლების გამგებლებს ანუ მერის წარმომადგენელს უნდა დაეკონტაქტონ.

არის თუ არა იგივე სიტუაცია გურიაში და შეიცვალა თუ არა რამე ბოლო დღეებში, „სოფლის ექიმის“ ერთ-ერთ გმირს, ნაბეღლავის ამბულატორიის ექიმს მარიამ ჯიქიას ვკითხეთ.

ამბობს, რომ 25 ივლისის მერე [ფილმის გადაღების შემდეგ] ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, ამბულატორია ისეთივე მდგომარეობაშია, ვერ ხერხდება ვაქცინაციის უზრუნველყოფა, რადგან ცალკე გამოყოფილი სივრცე არ არსებობს. სამაგიეროდ, ტრენინგი ჩაუტარდათ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუმცა რადგანაც ინტერნეტთან კავშირი შეფერხებით ჰქონდათ, სანახევროდ ესმოდა საუბრის შინაარსი. „ინტერნეტი არის სამსახურში, მაგრამ პრობლემური. დღეს ყველაფერს ინტერნეტით გვთხოვენ, მაგრამ არავინ კითხულობს, როგორია ეს ინტერნეტი და გვაქვს თუ არა საერთოდ, საკონტაქტო ნომერიც არ გვაქვს, ვინც ამ პრობლემას გაასწორებს“.

სწორედ ამ მიზეზით ვერ გაიგო მარიამ ჯიქიამ, რომ თურმე გურიაშიც არის უკვე შესაძლებელი მობილური ამბულატორიის გამოძახება. არც გამგეობიდან დაურეკავს სათანამშრომლოდ ვინმეს. აქამდე აცრის ყველა მსურველს მარიამი ჩოხატაურში ამისამართებდა, რადგან ნაბეღლავში ეს შეუძლებელია, ჩოხატაურამდე კი მხოლოდ კერძო ტრანსპორტი თუ ჩავა, რადგან 25 კილომეტრს ისე ვერ გაივლი, სამარშრუტო ტაქსი კი სოფელში ახლა არ დადის (მძღოლს კოვიდი აქვს და შეზღუდვებმაც მოუსწრო).

„გადავამოწმე და კახეთის მსგავსად, სოფლის წარმომადგენელთან ერთად უნდა მოვაგროვოთ მსურველები, დავუკავშირდეთ შესაბამის ორგანოს და აცრიან მსურველებს. ინტერნეტის წვდომა არ იყო, წყვეტილად ისმოდა ყველაფერი და ამბავი სრულად ვერ გავიგე. ამოვა მობილური ჯგუფი თურმე“, - გვიხსნის მარიამ ჯიქია.

სპონტანური გადაწყვეტილებები, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო იღებს ხოლმე, ხშირად გაუგებარი რჩება სამიზნე აუდიტორიისთვის, რის გამოც არ ხდება იმ „სიკეთეების“ გამოყენება, რაც პანდემიის გავრცელებას შეუშლიდა ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG