Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწოლების საწყობი თუ საველე ჰოსპიტალი კოვიდპაციენტებისთვის?


დიღმის ოლიმპიურ ბაზაზე, ფრენბურთის დარბაზში, 500 კოვიდპაციენტზე გათვლილი პირველი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ჰოსპიტალმა საშუალო სიმძიმის პაციენტები უნდა მიიღოს.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სპორტულ დარბაზში გაშლილ ჰოსპიტალში მობილიზებულია კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამართავად ყველა საჭირო დანადგარი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევებისათვის განკუთვნილი სივრცე, ჟანგბადის ე.წ. პორტები, რომლებიც ყველა საწოლს ახლავს თან. უწყების განმარტებითვე, ერთადერთი მომსახურება, რასაც საველე ჰოსპიტალი ვერ გაუწევს პაციენტებს, ეს იქნება ინტუბირება, ანუ, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.

ვინ მოემსახურება ჰოსპიტალს?

არსებობს თუ არა საკმარისი რაოდენობის, შესაბამისი კომპეტენციის, კვალიფიციური მედპერსონალი, მათ შორის, ექიმები და ექთნები, რომლებიც 500 პაციენტზე გაშლილ საველე ჰოსპიტალს მოემსახურებიან? ამ კითხვებზე პასუხი ბუნდოვანია. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, რომელმაც 16 აგვისტოს საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა, გვპასუხობს:

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი წითელ ჯვართან, მათთან ერთად ვახდენთ ექიმების მობილიზებას. ასევე არსებობს ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილება აღნიშნული მიმართულების. შესაბამისად, ვერ ვხედავთ პრობლემას. ჩვენ გვაქვს ძველი გამოცდილება, წარსული ათწლეულების მანძილზე, რომელიც ამ მომენტში დარჩენილია“.

რას ნიშნავს წარსული გამოცდილება? რას გულისხმობს წითელი ჯვრის დახმარება? ვინ მოემსახურება საველე ჰოსპიტალს მაშინ, როდესაც უკვე თვეებია სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში არ არის, მაგალითად, საკმარისი რაოდენობის ექთანი, სამედიცინო რგოლი, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კოვიდპაციენტების მართვისას? - კიდევ ერთხელ ვუსვამთ გიორგი წოწკოლაურს ამ კითხვებს, რაზეც ის გვპასუხობს:

„საველე ჰოსპიტლის მომსახურეობა არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურეობა. როგორც ხედავთ, აქ არ არის პალატები, აქ არის ერთიანი სივრცე, შესაბამისად, არ ვართ შეზღუდული, რომ ათ საწოლზე ერთმა ექიმმა იმუშაოს. აქ არის გაშლილი სივრცე, შესაბამისად, ერთ ექიმს შეუძლია უფრო მეტ საწოლს მოემსახუროს, ვიდრე რეალურად ეს ხდება ჰოსპიტალურ სექტორში. ასე რომ, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი, მათ შორის, სამედიცინო მიმართულებაც და აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ“.

სპორტულ დარბაზში მოწყობილი ჰოსპიტალი რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაექვემდებარება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ნოდარ ჩიმაკაძე ამბობს, სივრცე უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად და ამ დროისათვის მიმდინარეობს ჰოსპიტლის მომსახურე პერსონალის, ანუ ექიმებისა და ექთნების შერჩევა:

„სივრცე მზად არის. დარჩა თანამშრომლების შერჩევა და დაკომპლექტება და, შესაბამისად, ხვალიდანვე შეგვიძლია პაციენტების მიღება. ჩვენ ახლა "ვიკონტრაქტებთ სტაფს". ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება, მაგრამ იმ სტანდარტების მიხედვით, რაც არის სამედიცინო სტანდარტები, იმ სტანდარტების მიხედვით მოხდება დაკომპლექტება. ექიმების და ექთნების გადმოყვანა კლინიკებიდან არ ხდება, უბრალოდ ხდება ახალი თანამშრომლების მიღება. ნაწილი უკვე მიღებულია, დარჩენილ ნაწილს მივიღებთ. ყველა მათგანი მუშაობს სხვადასხვა კლინიკაში“.

ნოდარ ჩიმაკაძის თქმითვე, საველე ჰოსპიტალში გაშლილი საწოლების შეძენა რესპუბლიკურ საავადმყოფოს "სამედიცინო ჰოლდინგთან" ერთად დაევალა.

უნდა გაშლილიყო თუ არა საველე ჰოსპიტალი?

„იმედია, ეს უბრალოდ საწოლების საწყობია“, - ასე გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე რადიო თავისუფლების ფოტოს საველე ჰოსპიტლიდან. როგორც ექიმი ამბობს, ერთი შეხედვით ჩანს, რომ სპორტულ დარბაზში მოწყობილი სივრცე ვერანაირ უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს:

„გაურკვეველია სველი წერტილების ორგანიზების საკითხი და ექიმების/ექთნების პუნქტების განთავსების საკითხი. ასევე იბადება კითხვა - საავადმყოფოების არსებულ შენობებში ამოწურულია ნამდვილად რესურსი? ცარიელი და ნახევრად ცარიელი შენობები აღარ გვაქვს, რომ ასეთ სპორტულ ცენტრებში გახდა საჭირო ჰოსპიტლის მოწყობა? ვირუსის სამართავად შესაბამის მოთხოვნებს ვერანაირად ვერ შექმნიან და იმპროვიზაციას თუ აკეთებ, რაღაც მინიმალური უსაფრთხოების ზომები მაინც უნდა დაიცვან. ეს ერთმანეთზე "დახრონგილი" საწოლები რომ ჰოსპიტალი არ არის და საწყობია, მგონი ბავშვისთვისაც ნათელია. ვენტილაციის საკითხი როგორ არის ორგანიზებული, გადის თუ არა ფილტრებში ჰაერი, ჰაერის ნაკადი როგორ მოძრაობს?“, - კითხულობს გიორგი კამკამიძე.

ინფექციური ეპიდემიების დროს საველე ჰოსპიტლის გაშლა აბსოლუტურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებად მიაჩნია ირმა კვიცარიძეს, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროს ექიმს.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, პანდემიის დასაწყისში, გასული წლის თებერვალ-მარტში, როდესაც ავსტრიაში გაიმართა მსჯელობა საველე ჰოსპიტლების შესაძლო საჭიროების შესახებ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვირუსული ინფექციების დროს, ამ ტიპის ჰოსპიტლების მოწყობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ირმა კვიცარიძის თქმით, სწორედ ამიტომ, ევროპულმა ქვეყნებმა, საბოლოოდ უარი თქვეს საველე ჰოსპიტლების გამოყენებაზე:

„საველე ჰოსპიტალი, ე.წ. სამხედრო საველე ჰოსპიტალი, ყველა სხვა ნოზოლოგიის დროს შესაძლოა იყოს გამოყენებული, მაგრამ დიდ სივრცეში ინფექციური პაციენტების განსათავსებლად, არ გამოდგება. ამ შემთხვევაში, ლაპარაკია ბიოლოგიურ ომზე, ინფექციურ დაავადებაზე. ამიტომ დიდი ოდენობით ასეთი პაციენტების განლაგება ერთ სივრცეში, წარმოუდგენელია. როდესაც ლაპარაკია ინფექციურ დაავადებაზე, მაქსიმუმ 10-15 ადამიანი შეიძლება განთავსდეს ერთ საველე კარავში. საწოლებს შორის უნდა იყოს დაშორება. კარვებს უნდა ჰქონდეს ისეთი ვენტილაცია, რომ ჰაერი გამოჰქონდეს გარეთ და შიგნით არ ცირკულირებდეს. და ასევე, ამ კარვებს უნდა ჰქონდეს იზოლირებული სველი წერტილები. ომის დროს, როდესაც საუბარია დაჭრილებსა და ქირურგიულ პაციენტებზე, იქ სულ სხვა სიტუაციაა, მაგრამ ახლა სრულიად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, ევროპაშიც იგეგმებოდა საველე ჰოსპიტლების გახსნა, საბოლოოდ უარი თქვეს მათ გაშლაზე სწორედ იმ მიზეზით, რომ ის შეიძლებოდა ინფექციის გავრცელების დამატებითი წყარო გამხდარიყო“.

ირმა კვიცარიძის თქმით, საველე ჰოსპიტლებში არსებული სიტუაციის მართვას სჭირდება სპეციალურად გაწვრთნილი მედიკოსთა ჯგუფი:

„მათ უნდა შეეძლოთ საველე პირობებში სიტუაციის კოორდინირებულად მართვა. ამ ტიპის მართვას სპეციალური სწავლება სჭირდება. იყო ლაპარაკი, თითქოს მაღალი კურსის სტუდენტები და სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან პროცესშიო. ყოვლად დაუშვებელია მაღალი კურსის სტუდენტების ასეთ სივრცეში დასაქმება. საველე ჰოსპიტალში კოორდინირებული მუშაობა არის აუცილებელი. ასეთ სივრცეებში იატაკი დახაზულია სპეციალურ ფერებში, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ სად გადაადგილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სივრცე იქცევა ინფექციის გავრცელების წყაროდ. გარდა ამისა, როდესაც ერთ სივრცეში ბევრი პაციენტია განთავსებული, იქ ვირუსის ტიტრი ძალიან მაღალია. ეს საფრთხის შემცველია არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მედპერსონალისთვისაც. მაგალითად, ვიღაცას შეიძლება ვირუსის დაბალი ტიტრი აქვს და სიტუაციიდან ადვილად გამოძრომის შანსი ჰქონდეს, მაგრამ ასეთ სივრცეში დამატებით ემატება ტიტრი და უკვე ვითარდება ჰოსპიტალური ინფექცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან საფრთხილოა ინფექციური დაავადებების დროს მსგავსი ჰოსპიტლების გაკეთება“.

16 აგვისტოს მონაცემებით, კლინიკებში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7427 კოვიდსაწოლია მობილიზებული. მათგან თავისუფალი მხოლოდ 441-იღაა. სტაციონარში მკურნალობას 6700-მდე პაციენტი გადის. 16 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 52 000 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო ორი კვირაა 5000-ს აჭარბებს. ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი კი - 10%-ს.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მოხდება.

კოვიდპანდემიის დროს, პირველი საველე ჰოსპიტალი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში, მარნეულში გაიხსნა, როდესაც ეპიდემიამ იფეთქა. თუმცა, საველე ჰოსპიტალი ისე დაიშალა, რომ მას ერთი კოვიდპაციენტიც არ მიუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG